საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ნაკრები 1-2 ივლისს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს. შეჯიბრება ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და სპორტის ამ სახეობაში, ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებად ითვლება. მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობის მიღების უფლება მხოლოდ ლიცენზიამოპოვებულ სპორტსმენებს შეუძლიათ.
საქართველოს ნაკრების სახელით მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 სპორტსმენი წარდგება. ამ კარატისტებმა ლიცენზიები უკანასკნელი 2 წლის მანძილზე ევროპის ჩემპიონატების შედეგებიდან გამომდინარე მოიპოვეს. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ბოლო ეტაპი, თბილისში კომპანია „ჩემპიონთა აკადემიის" საწვრთნელ ბაზაზე გაირა.
ასტანაში მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე 3 ივლისს მსოფლიო კარატეს ორგანიზაციის კონგრესიც გაიმართება, სადაც საქართველოს დელეგაციის ოფიციალური პირებიც მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის დელეგაციის ხელმღვანელი, სპორტისა და ახაგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლბერიძე, რომელიც ევროპის კარატეს ორგანიზაციის აღმასკომის წევრია.
დაინტერესებულ გულშემატკივარს მსოფლიოს ჩემპიონატის ნახვის შესაძლებლობა მოცემულ ლინკზე შეეძლება - www.worldkarate2017.com
1-2 ივლისი. ასტანა. მსოფლიოს ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში
საქართველოს ნაკრები
ანდრეი ზინჩენკო - 65კგ
მიხეილ წიკლაური -75კგ
თენგიზ ბასტოიანი -75კგ
ლევან ვერულიძე - 85კგ
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური