საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სოლომონ კვირკველია დამდეგ, 2017-2018 წლების სეზონს მოსკოვის „ლოკომოტივში“ გაატარებს. Sport-express.ru-ს ინფორმაციით, „რკინიგზელებსა“ და „რუბინს“ შორის უკვე მიღწეულია შეთანხმება ქართველი მცველის მოსკოვში დაბრუნების შესახებ და ტრანსფერი ოფიციალურ სახეს უახლოეს დღეებში მიიღებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ კვირკველია „ლოკომოტივს“ მიმდინარე წლის იანვარში იჯარით შეუერთდა და მისი ღირსება 16 შეხვედრაში დაიცვა. ჩვენებური დედაქალაქურ კლუბს ჩინებულად მოერგო - რამდენჯერმე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, ხოლო ყველაფერის გვირგვინი რუსეთის თასის მოგება გახლდათ. მაისის ბოლოს კი, საიჯარო ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და ყაზანში დაბრუნება მოუწია.
შესაბამისად, იური სიომინს, სოლომონის ხილვა კვლავ თავისთან რომ სურს, გასაკვირი არცაა. „ლოკომოტივი“ დამდეგ სეზონში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.