სხვა

14:46 | 23.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩხეიძე მსოფლიოს პრიზიორია

საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა გიორგი ჩხეიძემ (+105 კგ) ტოკიოში დღეს დასრულებულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვა. 19 წლის ქართველი მძიმეწონოსანმი იაპონურ ფიცარნაგზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში გავიდა და მართალია, შტანგის სიმძიმით თავისი შარშანდელი შედეგები ორივე მოძრაობაში და, შესაბამისად, ორჭიდშიც საგრძნობლად გააუმჯობესა, მაგრამ ამჯერად უმაღლესი სინჯის მედლის მოპოვება მაინც ვერ შეძლო.

პირველ მოძრაობაში – ატაცში - ჩხეიძემ სამივე ცდა გამოიყენა: 175, 180 და 184-კილოგრამიანი შტანგები აიტაცა და მცირე ბრინჯაოს დაეუფლა. აკვრაში კი 221 კილოგრამის დამორჩილება ზედიზედ ორჯერ ვერ შეძლო და უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდა, მაგრამ მესამე მისვლაზე სიმძიმეს ერთი კილოგრამი მაინც წაამატა და ჩემპიონატი წარმატებული ცდით დაასრულა.

222 კილოგრამი აკვრაში მესამე შედეგი აღმოჩნდა და საქართველოს ნაკრების უმძიმესი წევრი მეორედ ავიდა პოდიუმზე. ორჭიდის ჯამში კი გიორგი ჩხეიძემ 406 კილოგრამით ვერცხლის მედალი მოიპოვა. შარშან, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მისი მაჩვენებელი 379 (172+207) კილოგრამი იყო, ოღონდ მაშინ 105 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოდიოდა და ყველა კონკურენტს აჯობა.

მსოფლიოს ჩემპიონი სომეხი სიმონ მარტიროსიანი გახდა 426 (191+235) კილოგრამით. მესამე საპრიზო ადგილი კი სერბმა ტამას კაჟდოცმა (403 კგ) დაიკავა.

საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატზე სულ 4 სპორტსმენით გამოვიდა და 7 მედალი მოიპოვა.

პირველმა წარმატებას რეზი დავითაძემ მიაღწია, რომელიც 85 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ატაცში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ორჭიდის ჯამში კი ბრინჯაოს დასჯერდა. დავით ხეცურიანმა (105 კგ) კი ატაცში ოქრო მოიგო, ხოლო ორჭიდში – ვერცხლი.

ქართული დროშის ქვეშ იაპონურ ფიცარნაგზე ირაკლი ჩხეიძეც (105 კგ) გავიდა და მეოთხე ადგილი დაიკავა.

0.120083