საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრების ანგარიშზე ტოკიოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 4 მედალია. რეზი დავითაძის (85 კგ) მიერ ატაცში მოპოვებულ მცირე ოქროს და ორჭიდის ჯამში აღებულ ბრინჯაოს, დღეს თავისი წილი მედლები დავით ხეცურიანმა (105 კგ) მიამატა.
პირველ მოძრაობაში – ატაცში ხეცურიანმაც საუკეთესო შედეგი აჩვენა, 173-კილოგრამიანი შტანგის აწევით. აკვრაში კი მან მონაგარს 195 კილოგრამი მიამატა და ორჭიდის ჯამში 368 კილოგრამით ვერცხლის მედალს დაეუფლა. დავით ხეცურიანი მსოფლიოს ჩემპიონს – ირანელ რეზა ბეირალვანდს მხოლოდ 1 კილოგრამით ჩამორჩა. ბრინჯაოს მედალს კი სომეხი შამველ გასპარიანი დაეუფლა, 365 კილოგრამით.
105 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით კონკურენციაში ირაკლი ჩხეიძეც ჩაება. 161-კილოგრამიანი შტანგა აიტაცა, 195 კილოგრამი აჰკრა და ორჭიდში 356 კილოგრამით მეოთხე ადგილი დაიკავა.
ხვალ მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები მძიმე წონაში (+105 კგ) გამოვლინდებიან. საქართველოს ნაკრებს კი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გიორგი ჩხეიძე წარმოადგენს.