სხვა

14:31 | 21.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

რეზი დავითაძის ოქროს ატაცი და დიდი ბრინჯაო

საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა რეზი დავითაძემ ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

85 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ატაცში დავითაძემ სამივე ცდა გამოიყენა - 154, 159 და 162-კილოგრამიანი შტანგები დაიმორჩილა და მცირე ოქროს მედალს დაეუფლა. მეორე მოძრაობაში – აკვრაში კი მან მხოლოდ ერთხელ შეძლო სიმძიმის დამორჩილება - 185 კილოგრამი აჰკრა და ორჭიდის ჯამში მოგროვებული 347 კილოგრამით მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ვერცხლის პრიზიორს - ვენესუელელ კეიდომარ ჯიოვანის დავითაძე 1 კილოგრამით ჩამორჩა. მსოფლიოს ჩემპიონი კი ყატარელი ფარეს იბრაჰიმი გახდა, 353 კილოგრამით.

რეზი დავითაძის გუშინდელ გამოსვლას საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ლაშა შავდათუაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი და ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძეც დაესწრნენ, რომლებიც ტოკიოში გადიან საწვრთნელ შეკრებას.

საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს პირველობაზე 4 სპორტსმენითაა ჩასული. მათგან საქმეში ჯერ მხოლოდ დავითაძე ჩაება.

ხვალ, ფიცარნაგზე ჭაბუკებს შორის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ირაკლი ჩხეიძე და ახალგაზრდებში ევროპის ვიცე ჩემპიონი დავით ხეცურიანი გავლენ. ორივე 105 კილოგრამში. ზეგ კი შტანგას ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გიორგი ჩხეიძე (+105 კგ) ასწევს.

0.369091