ფეხბურთი

22:29 | 19.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იაგელონია" - პოლონეთის არასტუმართმოყვარე ვიცე-ჩემპიონი

ბათუმის „დინამოს“ ევროპა ლიგის წილისყრაში დიდად არ გამართლებია - შესაძლო ხუთი ვარიანტიდან პოლონური „იაგელონია“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გახლდათ. თუმცა, განგებით, სწორედ ეს გუნდი ითამაშებს ზრვისპირელთა წინააღმდეგ.

WORLDSPORT.GE წარმოგიდგენთ ბიალისტოკის „იაგელონიას“ ახლო ხედით:

ისტორია

წითელ-ყვითლების ისტორიის ათვლა 1927 წლიდან იწყება - თუმცა, მიუხედავად თითქმის საუკუნოვანი მატიანისა, კლუბის საუკეთესო შედეგი აწ დასრულებულ სეზონში დაფიქსირდა - მეორე ადგილი. „იაგელონია“ მხოლოდ ვარშავას „ლეგიას“ ჩამორჩა. თუმცა, ეს მოულოდნელობა იყო, რადგან გუნდმა პირველი წრე დიდებულად ჩაატარა და კარგა ხანს ლიდერი იყო. საერთოდაც, რეგულარული სეზონი პირველ პოზიციაზე დაასრულა, მაგრამ საჩემპიონო პლეი-ოფში ცუდად ითამაშა და დედაქალაქურ გუნდს უკან აღმოჩნდა.

საერთოდაც, „იაგელონიას“ მუზეუმში ორად-ორი თასი ინახება: პოლონეთის თასი და სუპერთასი 2010 წელს მოგებული.

ევროპული ისტორია

ვერ ვიტყვით, რომ ევროსარბიელზე გუნდი დიდი წარმატებით დაიკვეხნის. აქამდე საუკეთესო შედეგი ერთი ეტაპის გავლა იყო. ეს 2015-2016 წლების სეზონში მოხდა - ევროპა ლიგის პირველი ეტაპი პოლონელებმა პავლოდარის ლიტვური „კრუოიას“ ბარიერი დაძლიეს თანაც, ადვილად (8:0, 1:0). თუმცა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი ვეღარ დაძლიეს, რადგან „ომონიასთან“ დამარცხდა ორი მატჩის ჯამში - 0:1.

„იაგელონია“ ევროპა ლიგაზე იქამდე ორჯერ გამოვიდა - 2010-2011 წლების სეზონში ბერძნულ „არისთან“ წააგო (1:2, 2:2), ხოლო ერთი წლის შემდეგ პავლოდარის „ირტიშთან“ (1:0, 0:2).

მოკლედ, „იაგელონია“ ევროპაში წარუმატებლად თამაშობს და იმედი დავიტოვოთ, რომ ტრადიცია არც „დინამოსთან“ დაირღვევა.

დღეს

როგორც ამბობენ, გუნდში ფინანსური კრიზისია და ყველაფერი რიგზე არაა. ამაზე ისიც მოწმობს, რომ გუნდმა კომფორტული ჰადიკაპი გაანიავა და ისტორიული ჩემპიონობა ქარს გაატანა. აღსანიშნავია, რომ გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს ირენეუშ მამროტი, რომელსაც გუნდი ერთი კვირის ჩაბარებულიც არ ჰყავს.

შემადგენლობის მხრივაც დიდი ვერაფერი, თუმცა ქართულ საზომებზე თუ გადმოვიტანთ, მაინც სოლიდურ სახეს მიიღებს - გამოსარჩევია ბრაზილიელი ლეგიონერი გუტი, ხორვატი ივან რუნიე, ესტონელი კონსტანტინ ვასილიევი, პრჟემისლავ ფრანკოვსკი, ფიოდორ ჩერნიხი, კილინა შერიდანი...

აქვე გეტყვით, რომ „იაგელონიას“ რიგებში ახლო წარსულში ქართველი ნიკა ძალამიძე თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაც იყო.

სახლი

„იაგელონია“ ბიალისტოკში, „მიეისკი“ სტადიონზე თამაშობს, რომელიც 23 ათას მაყურებელს იტევს. აღსანიშნავია, რომ საშინაო არენა მთლიანად კლუბის ფერებშია გაკეთებული და იქ თამაში სტუმარ გუნდებს განსაკუთრებულად უჭირთ - სხვაგვარად რომ ვთქვათ, საკმაოდ არასტუმართმოყვარე არენაა.

და ბოლოს, ბათუმის „დინამოს“ „იაგელონიასთან“ თამაშის გამოცდილება აქვს - 2016 წლის, 6 თებერვალს, თურქულ შეკრებაზე მყოფმა აჭარულმა გუნდმა პოლონელებს არჩილ ტვილიდიანის გოლით მოუგო. თუმცა, მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა... ვნახოთ, რა იქნება ამჯერად.

0.129355