საქართველოს ჩემპიონ “სამტრედიას” მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე წილისყრის შემდეგ კომენტარს აკეთებს. როგორც გამოცდილმა სპეციალისტმა WORLDSPORT.GE-სთან საუბრისას განაცხადა, აზერბაიჯანის ჩემპიონს დეტალურად შეისწავლის მისი გუნდი და ეცდებიან გამოცდილ მეტოქესთან უკეთესად ითამაშონ, ვიდრე ეს შარშან, “გაბალას” წინააღმდეგ გააკეთეს.
“ძლიერი მეტოქე შეგვხვდა – ჩვენს ჯგუფში ვინც იყო სავარაუდო მეტოქეები, ყველა მაღალი დონის გახლდათ, მაგრამ ვფიქრობ, “ზალცბურგი” უფრო არასასურველი მოწინააღმდეგე იქნებოდა. “ყარაბახს” დიდი გამოცდილება გააჩნია და რა თქმა უნდა, რთული თამაში იქნება, მაგრამ ასეთ ეტაპზე სხვაგვარი მატჩები არ არსებობს.
ვნახოთ, გავუკეთებთ მეტოქის თამაშს დეტალურ ანალიზს, შევისწავლით. ყველა გუნდს აქვს თავისი სუსტი წერტილები და გამონაკლისი არც “ყარაბახია”. ვეცდებით გამოვიყენოთ, მისი სუსტი მხარეები. ვფიქრობ, ამჯერად ინდივიდუალურ თამაშს დიდი მნიშვნელობა ექნება. ჩვენ კი, აზერბაიჯანულ გუნდთან თამაშის გამოცდილება შარშან შევიძინეთ.
თუმცა, ეს, ის გუნდი აღარაა, ბევრი ფეხბურთელი შეიცვალა, მაგრამ სისტემა ჩამოყალიბებულია. როდესაც, “სამტრედიაში” ახალი ფეხბურთელი მოდის, იგი მომზადებულია, რომ მოერგოს ჩვენს სათამაშო ფილოსოფიას და გუნდის სისტემას. თუმცა, შარშანდელი შემადგენლობა ახლაც რომ იყოს გუნდში, უფრო შეთამაშებული იქნებოდა და ალბათ, უფრო მეტი შანსიც გვექნებოდა მომდევნო ეტაპზე გასვლის.
რაც შეეხება ახალწვეულებს – ვნახოთ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს რამდენიმე ფეხბურთელთან მოლაპარაკება და როდესაც, ყველაფერი გადაწყდება, თქვენც გაიგებთ. საშინაო თამაშს კი, სავარაუდოდ, თბილისში, “დინამო არენაზე” ჩავატარებთ”, - გვითხრა ცეცაძემ.
“სამტრედია” პირველ შეხვედრას ბაქოში 11 ივლისს ჩაატარებს, ხოლო საპასუხო მატჩი თბილისში 19 ივლისს გაიმართება.