დანი ალვეშის იტალიური ოდისეა როგორც ჩანს, ხანმოკლე გამოდგა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბრაზილიელი ტურინის დატოვებასთან ერთ ნაბიჯშია. ვეტერანი განაპირა მცველის მორიგი ნავსაყუდელი კი, ინგლისის პრემიერლიგა და კერძოდ, „მანჩესტერ სიტი“ იქნება.
როგორც ირკვევა, პეპ გვარდიოლას ყოფილი შეგირდის თავისთან ხილვა სურს და უკვე დაიყოლია კიდეც.
გარდა ამისა, გონსალო იგუაინმა საკუთარ ინსტაგრამზე ვიდეო განათავსა, სადაც დანის ემშვიდობება:
„შესანიშნავი იყო შენთან ერთად თამაში და ტიტულების მოგება.გისურვებ საუკეთესოს და იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრჯერ შევხდებით. მშვიდობით მეგობარი, არ შეიცვალო“, - თქვა „პიპიტამ“.
ამასთან, ცნობილია, რომ ალვეშის ოცნება დიდი ხანია პრემიერლიგაში თამაშია და ხსენებული მოვლენების ფონზე, იტალიელი ჟურნალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ ბრაზილიელი „იუვენტუსს“ დატოვებს.
დანი ალვეში „ბებერ ქალბატონს“ ერთი წლის წინ შეუერთდა და უმალვე გუნდის ლიდერად იქცა. ყველა ტურნირის ჩათვლით მან მეტოქეთა კარში 6 გოლი გაიტანა, მათ შორის 3 ჩემპიონთა ლიგაზე.