პოპულარული იტალიელი მოდელი, მარგარიტ მედი, რომელიც ერთ დროს ვეტერან იტალიელი ფეხბურთელისა და აწ უკვე მწვრთნელის – ჯენარო გატუზოს გულის სწორი იყო, ევროპის ვეგეტარიანული მოძრაობის აქტიური წევრი გახდა და ამ მიმდინარეობის თვალსაჩინო წარმომადგენელიცაა.
სანამ მშვენიერი მარგარიტა ხორცის მაგივრად ბალახ-ბულახის ჭამის პროპაგანდას ეწევა, მანამდე მისმა კონტრაქტორმა, ერთ-ერთმა ფირმამ, რომელიც ნიფხავ-პერანგს აწარმოებს, წერილი მისწერა, კონტრაქტის პირობების თანახმად, ჩვენს აქციებში მიიღე მონაწილეობა, თორემ კონტრაქტის პუნქტების უგულველყოფის გამო სასამართლოში გიჩივლებთ და ეგ შენი ბალახ-ბულახი უკან დაგრჩებაო.
ახლა მარგარიტ მედი იძახის, ნიფხავ-პერანგების რეკლამა ჩემი მოწოდება არასოდეს ყოფილა და არავის აქვს უფლება ვეგეტარიანული ცხოვრების წესის პროპაგანდა ამიკრძალოსო, მაგრამ კონტრაქტს სად გაექცევა? ამ ოხერ-ტიალმა თანამედროვე ბიზნესმაც ხომ დანდობა არ იცის...