ფეხბურთი

17:05 | 9.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლამ დონარუმა “რეალს” შესთავაზა

“მილანის” მეკარის ჯანლუიჯი დონარუმას აგენტმა მინო რაიოლამ მადრიდის “რეალს” მიმართა და 18 წლის ფეხბურთელის “როსონერისგან” შეძენა შესთავაზა.

Mediaset Premium-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ იტალიელი აგენტის მხრიდან მოლაპარაკების წამოწყების მცდელობას “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესიც ადასტურებს, თუმცა “სამეფო კლუბი” ჯერჯერობით თავშეკავებას იჩენს. როგორც ცნობილია, მადრიდელები “მანჩესტერ იუნაიტედიდან” დავიდ დე ხეას გადაბირების იმედს არ კარგავენ. ამავდროულად, არც იმას გამორიცხავენ, რომ მომავალ სეზონში ზინედინ ზიდანმა ისევ კეილორ ნავასს მინადოს “რეალის” კარის დაცვა.

დონარუმა “მილანის” მთავარ გუნდში 2015 წლის შემოდგომაზე გამოჩნდა და მას შემდეგ ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა. ახალგაზრდა ფეხბურთელს “როსონერისთან” კონტრაქტის ვადა 2018 წლის ივნისში ეწურება. იტალიური კლუბი მასთან განშორებას არ აპირებს და ახალ ხელშეკრულებას სთავაზობს, თუმცა მხარეები ჯერჯერობით ფინანსურ საკითხზე ვერ თანხმდებიან.

0.111835