კალათბურთი

17:07 | 8.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

16 -წლამდელებში სამი ნახევარფინალისტი გამოვლინდა

დაიწყო 16 წლამდე ვაჟ კალათბურთელთა შორის 2016 – 2017 წლების საქართველოს ჩემპიონატის პლეი - ოფის მატჩები, რომელშიც რვა გუნდი მონაწილეობს. დღეს ჩატარდა მეოთხედფინალური სერიის სამი შეხვედრა და გაირკვა იმ სამი გუნდის ვინაობა, რომლებიც ნახევარფინალში იასპარეზებენ.

რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული ,,ორბი’’ მერვეადგილოსან ,,იბერის’’ შეხვდა. გულშემატკივრები ,,ორბის’’ იოლ გამარჯვებას ელოდნენ, მაგრამ რეგულარულის გამარჯვებული მხოლოდ ხუთქულიან უპირატესობას დასჯერდა და 73:68 შეძლო მეტოქის დამარცხება.

პროგნოზი არც მეოთხე ადგილზე გასულ ,,აკადემიასა’’ და მეხუთეადგილოსან ,,ზაზა1’’-ის შეხვედრაში გამართლდა. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე აქ დაძაბული თამაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ ,,აკადემიამ’’ დიდი ანგარიშით 73:51 გაიმარჯვა და ნახევარფილში გავიდა.

ნახევარფინალში გასვლა არ გასჭირვებია რეგულარულის ვიცეჩემპიონ ,,დინამოს’’, რომელმაც დამაჯერებელი ანგარიშით 91:50 დაამარცხა მეშვიდეადგილოსანი ,,გორი’’ .

ნახევარფინალში ,,ორბის’’ მეტოქე ,,აკადემია’’ იქნება, ხოლო ,,დინამო’’ დაუპირისპირდება ,,ქუთაისი’’- ,,რუსთავი 1’’-ს შორის გამარჯვებულს. მეოთხედფინალური სერიის ბოლო, მეოთხე შეხვედრა 11 ივნისს ქუთაისშია დაგეგმილი.

შეგახსენებთ, 16-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი-ოფის მეოთხედფინალური მატჩები ერთ, ხოლო ნახევარფინალური და ფინალური მატჩების სერია ორ მოგებამდე გაგრძელდება.

0.114909