როგორც იცით, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს 8 და 12 ივნისს ელის გასვლითი ამხანაგური მატჩები. ჯერ ბულგარეთთან, მერე კი - მონტენეგროსთან. გია გეგუჩაძემ დღეს შეკრიბა ფეხბურთელები, ვარჯიშები ჯერ თბილისში იქნება, 5 ივნისს კი ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრება.
ეს ბოლო ამხანაგურებია ევრო-2019-ის შესარჩევი ციკლის დაწყებამდე. შეგახსენებთ, საქართველო ჯგუფში მოხვდა დანიასთან, პოლონეთთან, ფინეთთან, ლიტვასთან და ფარერებთან ერთად. გეგუჩაძის გუნდი პირველ მატჩს 1 სექტემბერს გამართავს - შინ პოლონეთთან.
ფინალური ეტაპი იტალიაში გაიმართება და 12-გუნდიანი იქნება. იქ გავლენ შესარჩევის 9 ჯგუფის გამარჯვებულები და პლუს, ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი ფლეი-ოფს ითამაშებს კიდევ 2 ადგილის გამოსავლენად. ამ 11-ს მიემატება მასპინძელი იტალია. A
შეკრება დაწყებულია და სამწუხაროდ, ტრავმის გამო ნაკრებში არ არიან ოთო გოშაძე, გრიგოლ ჩაბრაძე, ცოტნე ნადარაია (ყველა "საბურთალო"), გიორგი ზარია, ბექა მიქელთაძე (ორივე - "დინამო" თბილისი), გიორგი ბერიძე ("ტრენჩინი" სლოვაკეთი), ლუკა ზარანდია ("არკა" პოლონეთი), რომან ჭანტურია ("ოლიანენსე" პორტუგალია), თორნიკე კირკიტაძე ("სიონი"), გიორგი ახალაძე ("სამტრედია") და ირაკლი კომახიძე ("ლოკომოტივი"). დანაკლისი საკმაოზე მეტია, ამ 11 ფეხბურთელიდან რამდენიმე ისეთია, დღევანდელი ფორმაციის 21-წლამდე ნაკრებში ლიდერობა რომ შეუძლიათ.
ამას გარდა, ჯიმი ტაბიძე ("ურალი", რუსეთი), გიორგი არაბიძე ("შახტარი", უკრაინა) და ოთარ კიტეიშვილი ("დინამო" თბილისი) უკვე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები არიან.
გასაგებ მიზეზთა გამო, გეგუჩაძემ ამ ამხანაგურებში ვერ გამოიძახა ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე და სხვა გამორჩეული ახალგაზრდები, რომლებიც 1998 წელს დაბადებულები ან უმცროსები არიან და ისინი თავის მხრივ, მოახლოებული 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან. ბუნებრივია, ევროპის ჩემპიონატის წინ 19-წლამდე ნაკრებიდან ფეხბურთელის წამოყვანა გამართლებული ვერაფრით იქნებოდა.
როგორც შევიტყვეთ, გუნდს ბულგარეთში შეუერთდებიან მცველი გიორგი ქანთარია ბელარუსის უმაღლესი ლიგის "ნემანიდან", ლევან ელოშვილი ავსტრიის "კაპფენბერგიდან" და ლადო მოხევიშვილი ესპანური "ალბასეტედან". ელოშვილი და მოხევიშვილი ნახევარმცველები არიან. მოხევიშვილზე ადრეც გვეწერა, მას ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია, აი, ელოშვილი კი დებიუტანტია - 1997 წელსა დაბადებული და ჯერ "კაპფენბერგის" სარეზერვო გუნდში თამაშობს.
მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (ლოკომოტივი), გოგი კულუა (მერანი);
მცველები: გიორგი თევზაძე (დინამო თბ), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), აკაკი შულაია (მერანი), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), გურამ გიორბელიძე (სიონი), ანდრო გიორგაძე (მერანი), გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელარუსი), ლუკა გადრანი (ცხინვალი), გიორგი კალანდაძე (შუქურა);
ნახევარმცველები: გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), გიორგი კიკნაძე (ლოკომოტივი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), გიგა წურწუმია (გაგრა), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), შერმადინ ართმელაძე (შუქურა), ნიკოლოზ ბაშელეიშვილი (თელავი), ცოტნე მესხი (დინამო თბ), ბექა გვარაძე (საბურთალო);
თავდამსხმელები: ირაკლი რუხაძე (მერანი), ლუკა იმნაძე (საბურთალო), ნიკა ლაშხია (ზუგდიდი).
შეგახსენებთ, მომავალ შესარჩევში 1996 წელს დაბადებულებსა და უმცროსებს შეუძლიათ თამაში. შემადგენლობითაც ჩანს, რომ გეგუჩაძე კვლავაც აპირებს, ამ ამხანაგურებში რაც შეიძლება მეტ კანდიდატს დააკვირდეს. ალბათ, ამიტომაც გამოიძახა ამდენი ფეხბურთელი.
საბოლოო შემადგენლობას წასვლის წინ შევიტყობთ. ბუნებრივია, ყველა ვერ მოხვდება განაცხადში, თუმცა დაგვეთანხმებით, სიაში იმდენი ახალწვეულია, ბევრისთვის უკვე დიდი სტიმულიც უნდა იყოს ნაკრებში ვარჯიში. უკეთ ითამაშებენ თავიანთ კლუბებში? გაეზრდებათ ნაკრებში მოხვედრის შანსიც. მთავარია, უყურადღებოდ არ არიან...