ქუთაისის „ტორპედო“ ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს - თბილისის „დინამოს“ გუშინდელ გამარჯვებას, ქუთათურებმა ასევე ლამაზი თამაშითა და 3 ქულით უპასუხეს.
„ჩიხურასა“ და „ტორპედოს“ იმერულ დერბში ბევრი დაძაბულ ბრძოლას მოელოდა, მაგრამ როგორც არმოჩნდა, სხვაგვარად ფიქრობდა გრიგოლ დოლიძე - 34 წლის ფეხბურთელმა უნაკლო მატჩი ჩაატარა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ თავის გუნდს 3 ქულა პირადად მოუტანა. საერთოდ, ბოლო დროს დოლიძე დიდებულ ფორმაშია და ეროვნულ ლიგაში საგოლე გადაცემების მხრივ გამორჩეულია. ვეტერან გარემარბს შედეგიანი პასის გარეშე მოედანი არც ივანწმინდაში დაუტოვებია. გიორგი ქიმაძემ მარცხენა ფლანგი აიკლო და დოლიძე მოძებნა, რომელმაც თავის მხრივ, გამოზომილი გადაცემით თორნიკე კაპანაძეს გაატანინა. პირველი ტაიმიც ასე დასრულდა.
აი, შესვენების შემდეგ დოლიძემ ეროვნულ ლიგას ორი საფეხბურთო შედევრი დაუტოვა: მეორე ნახევარი 15 წამის განახლებული იყო, გრიგოლი მარჯვენა ფლანგზე გაიხსნა და ბურთი არც გაუჩერებია, პირდაპირ ჰაერიდან გადაგზავნა კარში - ტყავის სფერომ ისეთი ტრაექტორია მოხაზა, რომ საბოლოოდ დინო ჰამზიჩის ზურგს უკან, კარში ჩაეშვა. გავკადნიერდეთ და ვთქვათ, რომ ეს გოლი ძალზე წააგავდა თავისი სილამაზით, 1988 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში, მარკო ვან ბასტენის ლეგენდარულ გოლს... მოკლედ, ლამაზი გოები ეროვნულ ლიგაშიც გადის და უკვე არცთუ იშვიათად. აგერ მაგალითად ცოტა ხნის წინ, იმავე დოლიძემ „დილას“ პირდაპირ კუთხურიდან გაუტანა.
და მაინც, ეს არ ყოფილა მატჩის ბოლო მშვენება: 59-ე წუთზე ბაბუნაშვილმა ისევ დოლიძე მოძებნდა საჯარიმოში და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელმა ისევ არაორდინალური და ბრწყინვალე გოლი გაიტანა: ერთი შეხებით, რბილად გადაავლო ბურთი ჰამზიჩს თავზე...
მოკლედ, ს იყო გრიგოლ დოლიძის შოუ! – „ტორპედო“ კი, ლიდერს ისევ 3 ქულით ჩამორჩება და საჩემპიონო ბრძოლები წინ გველოდება...
„ჩიხურა“ – „ტორპედო“ 0:3 (0:1) გრიგოლ დოლიძის გოლები
ივანწმინდა, „ცენტრალური სტადიონი“
„ჩიხურა“: ჰამზიჩი, განუგრავა, სარდალიშვილი, კორიფაძე, ტატანაშვილი, კაკუბავა, ივანიშვილი (ლექვთაძე 70), ჩიკვაიძე, დობროლოვსკი (გორგიაშვილი 54), კაშია, დეკანოიძე (გელაშვილი 55)
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
„ტორპედო“: კვასხვაძე, ჭიჭინაძე, ხურცილავა, ბაბუნაშვილი (მამასახლისი 78), კაპანაძე (კუჭუხიძე 68), კუხიანიძე, გურული, დოლიძე (ტაბატაძე 64), ქიმაძე, გიგაური, ტუღუში
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
გოლები: 0:1 კაპანაძე (17), 0:2 დოლიძე (46), 0:3 დოლიძე (59)
გაფრთხილება: კორიფაძე (53) - კაპანაძე (24), ხურცილავა (54), მამასახლისი (86)
მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია