საფრანგეთში მიმდინარე როლან გაროსის მესამე რაუნდის მატჩში საქართველოს უძლიერესმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტურნირის ფავორიტთან, რაფაელ ნადალთან 0:6, 1:6, 0:6 წააგო.
განვლილ შეხვედრაში ქართველისთვის საინტერესო არაფერი მომხდარა, რადგან გრუნტის საფარის "მეფედ" წოდებული ნადალი უზარმაზარ უპირატესობას ფლობდა და ბასილაშვილს შანს არ უტოვებდა. ასევე გამოჩნდა, თუ რამხელა განსხვავება იყო ჩოგბურთელთა შორის სათამაშო კლასსა და ფიზიკურ მომზადებაში. იმისთვის, რომ ნიკოლოზი რეიტინგში დაწინაურდეს და მაღალი დონის ჩოგბურთელებთან ტოლ-სწორად იასპარეზოს, ბევრი შრომაა საჭირო. ამ მატჩმა კი ბასილაშვილს უდიდესი გამოცდილება შესძინა.
ბასილაშვილს ნერვიულობა ეტყობოდა და აბსოლიტურად ვერაფერს აკეთებდა. გასაგებიცაა, როდესაც გრუნტის კორტზე ნადალს ხვდები, რთულია, არ ინერვიულო. ქართველი ბევრ შეცდომას უშვებდა და პირველი რვა გეიმში ქულები მხოლოდ მეტოქის შეცდომებზე მოიპოვა. შემდეგ იყო რამდენიმე მომენტი, როცა ქართველმა აუღებელი დარტყმები შეასრულა, თუმცა თითზე ეს ჩამოსათვლელი მომენტები გახლდათ. მესამე სეტის მესამე გეიმში ნადალი 15:40-ს აგებდა, თუმცა ძალა მოიკრიბა და არ დაბრეიკდა.
ნიკასთვის ეს მატჩი კარგ გაკვეთილად უნდა გამოდგეს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის ხარვეზები, რაზეც ბასილაშვილს მუშაობა მოუწევს. ნადალთან მარცხის მიუხედავად, ქართველს ამ ტურნირზე მიღწეული შედეგი არ უნდა დავუკარგოთ. ნიკა პირველად გავიდა როლან გაროსის მესამე წრეში. რაფამდე ჟილ სიმონი (3:1) და ვიქტორ ტროიცკი (3:0) დაამარცხა, საბოლოოდ კი, 90 ქულა და 118 000 ევრო გამოიმუშავა. მსოფლიოს ლაივ-რეიტნგში ბასილაშვილი 54-ე ადგილამდე დაწინაურდა და განახლებულ სიაში მინიმუმ 55-ე ადგილზე იქნება.