ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალში მონაწილეობა პირველად მიიღო ქართველმა კალათბურთელმა - ზაზა ფაჩულიამ. ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” შინ “კლივლენდი” 113:91 დაამარცხა.
ქუსლის ტრავმის მოშუშების შემდეგ ფაჩულია სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა. ზაზამ პარკეტზე 14 წუთი და 26 წამი დაჰყო, ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 8 ქულა, 6 მოხსნა და 2 ჩაჭრა შესძინა. აღსანიშნავია, რომ ფაჩულიას ბურთი არ დაუკარგავს. ცენტრმა 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, “გოლდენ სტეიტმა” მეტოქეს ოთხივე პერიოდი მოუგო. მატჩში გადამწყვეტი მესამე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც “მეომრებმა” 33:20 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი, 38 ქულა კევინ დურანტის ანგარიშზეა. სტეფ კარიმ გუნდს 28 ქულა, 10 პასი და 6 მოხსნა შესძინა. “კლივლენდის” ლიდერ ლებრონ ჯეიმსს 28 ქულა, 15 მოხსნა და 8 პასი დაუგროვდა.
“გოლდენ სტეიტმა” პლეი-ოფის ზედიზედ 13 მატჩი მოიგო, რაც ნბა-ს რეკორდის გამეორებაა. სუპერფინალის მეორე შეხვედრა 5 ივნისს, ოკლენდში, თბილისის დროით 04:00-ზე დაიწყება.