ახლა უკვე ოფიციალურად, ხორხე სამპაოლი არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია. ეს ინფორმაცია არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ დაადასტურა და ახალი თავკაცი სპეციალურად მოწყობილ პრესკონფერენციაზეც წარადგინა.
"ამაზე დიდი ხანი ვოცნებობდი. ისეთი გუნდი უნდა ჩამოვაყალიბოთ, რომელიც არგენტინული ფეხბურთის ისტორიას პატივს სცემს და შეეფერება. ჩვენი თვალთახედვის არეალში 100 ფეხბურთელზე მეტი იმყოფება. შესარჩევ ტურნირში ჩვენი მდგომარეობა იდეალური არაა, თუმცა არგენტინას აქვს ამ პრობლემების დაძლევისა და მუნდიალზე წარმატებით თამაშის რესურსი. არგენტინის ნაკრები - ეს მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი კი არა, 40 მილიონი არგენტინელია. ჩემი კონტრაქტი ძალაში 2022 წლამდეა და იმედი მაქვს, ამ დროში რაიმე მნიშვნელოვანს შევქმით არგენტინული ფეხბურთისთვის", - განაცხადა სამპაოლიმ პრესკონფერენციაზე.
არგენტინელთა ახალმა თავკაცმა ლიონელ მესიზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ლეო მოედანზე მასთან თავსებადი ფეხბურთელების გარემოცვაში იყოს:
"მესის პირადად ვესაუბრე, ის ენთუზიაზმითა და იმედითაა აღსავსე. მას, რა თქმა უნდა, დიდ პატივს ვცემ და მინდა ეროვნულ გუნდში თავს კომფორტულად გრძნობდეს, რათა თავისი საუკეთესო თვისებები ბოლომდე გამოავლინოს".
არგენტინის ნაკრების სათავეში სამპაოლის დებიუტი 9 ივნისს, ბრაზილიასთან დაპირისპირებაში შედგება და ჟურნალისტებმა მწვრთნელს ამის შესახებაც ჰკითხეს. არგენტინელმა სპეციალისტმა დასძინა, რომ მატჩის წინ გუნდთან ერთად სამ-ოთხ სათამაშო სისტემაზე იმუშავებს და რომელიც უკეთესი შედეგის მომტანი იქნება ბრაზილიის დონის გუნდთან თამაშში, იმას გამოიყენებს.
ხორხე სამპაოლიმ სახელი ჩილეს ნაკრებში მუშაობით გაითქვა, ხოლო გასულ სეზონში „სევილიას“ უთავკაცა და „დალაქები“ ესპანეთის ჩემპიონატში მე-4 ადგილზე გაიყვანა.