ჭადრაკი

11:59 | 27.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

კაჭარავამ მარცხიანი სერია შეწყვიტა

დასასრულს მიუახლოვდა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი „მსოფლიოს ახალგაზრდა ვარსკვლავები“, რომელსაც ქალაქი კირიშიში (რუსეთი) მასპინძლობს.

ასპარეზობა, რომელშიც 12 მოჭადრაკე მონაწილეობს, წრიული სისტემით, 11 ტურად ტარდება. მე-9 ტურში, მე-11 ადგილზე მყოფი, 2,0 ქულის მქონე ქართველი მოჭადრაკე ნიკოლოზ კაჭარავა (2180) 17 წლის მიხეილ ნიკიტენკოს (2408, ბელარუსი) შეხვდა, რომელსაც ნიკაზე ნახევარი ქულით მეტი ჰქონდა და მე-10 ადგილზე იმყოფებოდა. კაჭარავამ ამჯერად ყაიმი გააკეთა და ზედიზედ ექვსი წაგებული პარტიის სერია შეწყვიტა.

ბოლოსწინა, მე-10 ტურში კაჭარავას მეტოქე ნიკოლოზზე ერთი წლით უმცროსი კირილ შიოტკინი (1594, რუსეთი) იქნება, რომელსაც ქულების გრაფაში „0“ უწერია და რაღა თქმა უნდა, ბოლო ადგილზე იმყოფება.

ცვლილებაა სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფ მოჭადრაკეთა შორის. მოულოდნელად დამარცხდა ერთ-ერთი ლიდერი კირილ შევჩენკო (2491, უკრაინა) და ლიდერობა დაკარგა.

9 ტურის შემდეგ 6,5-6,5 ქულით პირველ-მეორე ადგილებს სერგეი ლობანოვი (2429, რუსეთი) და არამ აკოპიანი (2449, სომხეთი) ინაწილებენ.

0.113479