დონეცკის "შახტარის" ქართველი შემტევი გიორგი არაბიძე უკრაინის 21-წლამდელთა ჩემპიონატში მოედანს უგოლოდ არ ტოვებს. 19 წლის ფეხბურთელმა ამჯერად კიევის "დინამოსთან" შეხვედრაში გამოიჩინა თავი, უკვე საფირმოდ ქცეული საჯარიმო დარტმით აიღო მეტოქის კარი.
"შახტარის" 21-წლამდელებმა 2:1 მოიგეს. გიორგიმ დონეცკელთა რიგებში 83 წუთი ითამაშა, შეხვედრის 24-ე წუთზე კი მისივე წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმა გამოიყენა და ანგარიში გახსნა. მიმდინარე სეზონში ეს მისი მე-15 გოლია ახალგაზრდულ ჩემპიონატში.
შეგახსენებთ, არაბიძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ივნისში გასამართი მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში გამოიძახა.