ფეხბურთი

13:56 | 26.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუს სატრანსფერო გეგმა ზაფხულისთვის

“მანჩესტერ იუნაიტედი” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდისთვის ემზადება. დიდი ხანია, საუბრობენ იმაზე, რომ მანჩესტერელთა თავკაცის, ჟოზე მოურინიუს სასურველ მოთამაშეთა სიაში პირველი “ატლეტიკოს” შემტევი ანტუან გრიზმანია. ინგლისური გამოცემების ცნობით, კლუბი ფრანგ ფეხბურთელთან პირად კონტრაქტზე უკვე შეთანხმებულია და ამ გარიგებისთვის საბოლოო სახის მიცემას ივნისის ბოლოსთვის იმედოვნებს.

გარდა ამისა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკების პროცესი “ტორინოსთან” ანდრეა ბელოტის ტრანსფერზე, თუმცა მხარეები ჯერჯერობით ფინანსურ საკითხზე ვერ თანხმდებიან, რადგან იტალიელი ფორვარდის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევროა მითითებული. განიხილება “ევერტონის” ბელგიელი თავდამსხმელის რომელუ ლუკაკუს ტრანსფერიც.

მოურინიუს კიდევ ერთი სამიზნე “ბარნლის” მცველი მაიკლ კინია. ფეხბურთელი “მანჩესტერ იუნაიტედის” აკადემიის აღზრდილია და მშობლიურ კლუბში მის დაბრუნებას უახლოეს პერიოდში ელიან.

ამასთან, “მანჩესტერში” ალვარო მორატას გამოჩენასაც არ გამორიცხავენ, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ ესპანელი შემტევის “მილანში” გადასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილად გამოცხადდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისური კლუბი მზადაა, “რეალს” ფორვარდის სანაცვლოდ მეკარე დავიდ დე ხეა დაუთმოს, თუკი მადრიდელები დამატებით 25 მილიონ ევროსაც გაიღებენ.

ასე რომ, ევროპა ლიგის გამარჯვებული და ახალი სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნებული “წითელი ეშმაკები” ცხელ ზაფხულს გვპირდებიან.

0.117076