"სამტრედიამ" ამ სეზონში მეორედაც სძლია "საბურთალოს" და მესამე ადგილი გაიმყარა. 19 წუთში უკვე ორი ბურთით უგებდნენ. ჯერ გიული მანჯგალაძემ მშვენივრად შეასრულა საჯარიმო დარტყმა, შემდეგ კი ნიკა სანდოხაძემ დაახლოებით 10 მეტრიდან აუღებელი დაარტყა - 2:0.
მეორე ტაიმის საწყის წუთებში "საბურთალომ" ერთი საპასუხო გოლი გაიტანა. ანდრო სოფრომაძემ მარცხნიდან კარგი გარღვევა განახორციელა, ბექა გვარაძესთან გაითამაშა ბურთი, ჩააწოდა და გიორგი ფანცულაიამ თითქმის კარის ხაზიდან თავით შეაგდო - 2:1.
რამდენიმე წუთში "სამტრედიას" კარგი კონტრშეტევა ვნახეთ, რომელიც გიორგი ბერიაშვილმა დაიწყო. მისი პასის შემდეგ დავით ჯიქიამ დაარტყა, მეკარე ლაზარე კუპატაძემ მოიგერია და ისევ ბერიაშვილმა დამატებაზე გაიტანა - 3:1.
ცხრა წუთში კი ბერიაშვილმა... საკუთარ კარში გაიტანა გოლი. ბექა გვარაძემ საჯარიმო დარტყმა შეასრულა, კარისკენ გაგზავნა ბურთი და სამტრედიელთა ფორვარდს აეჭრა - 3:2. ამის შემდეგ, ბერიაშვილი კიდევ უფრო გააქტიურდა, ძალიან უნდოდა შეცდომის გამოსწორება, შანსებიც ჰქონდა, თუმცა მეტი ვეღარ იხეირა.
ბოლოს კი ნიკა სანდოხაძეს შეეძლო დუბლი მიეთვალა, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა - ლაზარე კუპატაძემ მოიგერია ბურთი.
"საბურთალოს" არაერთი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა. ასე იყო წინა ტურებშიც და ამ ყველაფრის კვალობაზე, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდისთვის მეექვსე ადგილი კატასტროფა ნამდვილად არაა.
სამტრედია - საბურთალო 3:2 (2:0)
სამტრედია: მიგინეიშვილი, მთივლიშვილი, კასრაძე, სანდოხაძე, მჭედლიშვილი, დათუნაიშვილი, გ.მანჯგალაძე, ბელოვი, ჯიქია (სამუშია 68), რაჟამაშვილი (დ.მანჯგალაძე 90), ბერიაშვილი
საბურთალო: კუპატაძე, ტერა (ალთუნაშვილი 75), ცნობილაძე, მამუჩაშვილი, სოფრომაძე, არზიანი (ფიფია 62), გვარაძე, ჩოგაძე (ვაგნერი 62), შინდაგორიძე, იმნაძე, ფანცულაია
გოლები: 1:0 მანჯგალაძე (9), 2:0 სანდოხაძე (19), 2:1 ფანცულაია (52), 3:1 ბერიაშვილი (58), 3:2 ბერიაშვილი (65 ავტოგოლი)
გაფრთხილება: მჭედლიშვილი
მსაჯი: ვადაჭკორია