კალათბურთი

19:41 | 24.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

„ბათუმი“ სუპერლიგას დაემშვიდობა

დღეს საქართველოს ვაჟ კალათურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის პლეი აუტის მესამე ტური „მგზავრების“ და „ბათუმის“ მატჩით გაიხსნა. ამ მატჩის შედეგს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. 101:69 გაიმარჯვა „მგზავრებმა“და „ოლიმპთან“ და „სოხუმთან“ ერთად სუპერლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

რაც შეეხება „ბათუმს“, იგი ბოლო ადგილზე გავიდა და სუპერლიგას დაემშვიდობა. ზღვისპირელებს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ყველა ტიტული აქვთ მოგებული. განსაკუთრებით მაშინ იყო ძლიერი ეს გუნდი, როცა სუპერლიგაში „ბასკოს“ სახელით გამოდიოდა. „ბათუმმა“ 26-ე ეროვნული ჩემპიონატი კარგად დაიწყო და პირველი წრის შემდეგ მეოთხე ადგილზე იმყოფებოდა. გუნდის დაღმასვლა მაშინ დაიწყო, როცა ამერიკელი ლეგიონერი ქრისტოფერ ფელჩერი იმდენად სერიოზულად დაშავდა, რომ სეზონის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. ქრისტოფერის წასვლის შემდეგ „ბათუმი“ ნომინალური ცენტრის გარეშე დარჩა. აქედან დაიწყო გუნდის დაღმასვლა, რომელიც სავალალო შედეგით დასრულდა.

დღევანდელი შეხვედრა „მგზავრების“ უპირატესობით დაიწყო, რომლებმაც პირველი მეოთხედი 9 ქულის უპირატესობით მოიგეს. მეორე მეოთხედში სიტუაცია შეიცვალა. სტუმრებმა თამაში გამოასწორეს, რომლებმაც ანგარიში არამარტო გაათანაბრეს, არამედ წინ გასვლაც მოახერხეს და პირველი ტაიმის შემდეგ 2 ქულის სხვაობით 40:38 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმმა „მგზავრების“ სრული უპირატესობით ჩაიარა და როგორც უკვე ავღნიშნეთ, 32 ქულის სხვაობით 101:69 შეძლო მეტოქის დამარცხება.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 25 ქულა „მგზავრების“ მძიმე ფორვარდმა ავთანდილ ლომინაშვილმა დააგროვა. 11 ქულით და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი მისმა თანაგუნდელმა რეჯინალდ მერფიმ შეასრულა. სტუმართა შორის ყველაზე შედეგიანები უკრაინელი ლეგიონერები ილია შემოსიუკი და იგორ კრივცოვი იყვნენ, რომლებმაც 12-12 ქულა დააგროვეს.

„მგზავრები“ – „ბათუმი“ 101:69 (26:17, 12:23, 37:18, 26:11)

0.12643