საჩხერის "ჩიხურამ" ივანწმინდის სტადიონზე დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა. თანაც, ლიდერთან მოგებით. საშინაო სარბიელზე თამაში მაინც სხვაა. სოსო ფრუიძის გაწვრთნილებმა 2:1 სძლიეს თბილისის "დინამოს", რომელსაც მესამე ტურის შემდეგ არ ჰქონდა წაგებული. აი, ჩიხურა" კი ცოტა მოფერიანდა და ბოლო სამ შეხვედრაში შვიდი ქულა აიღო.
22-ე წუთი იყო, როცა დინამოელთა საჯარიმოდან გადმოვარდნილი ბურთი გიორგი განუგრავამ დაბალი დარტყმით გაგზავნა კარში - 1:0. ეს განუგრავას პირველი გოლია მიმდინარე ჩემპიონატში.
გიორგიმ ხუთ წუთში პენალტიც მოინადირა. დაარტყა, ბურთი ლაშა თოთაძეს ხელზე მოხვდა და თერთმეტმეტრიანი დიმიტრი ტატანაშვილმა გამოიყენა - 2:0.
პირველი ტაიმის ბოლოს კი სიტუაცია დაიძაბა, რადგან "დინამომ" ერთი გოლი გაქვითა და თან, "ჩიხურა" ათი კაცით დარჩა. ეს მოჰყვა ბაქარ მირცხულავას ხელით თამაშს, კერძოდ, საჩხერელთა მცველმა ხელით გამოიტანა ბურთი კარიდან.
მსაჯმა ხორავამ იუბილარი მირცხულავა (25 წლის გახდა) გააძევა, პენალტი დანიშნა და ბაჩანა არაბულმა ორივეჯერ მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა. ორივეჯერ იმიტომ, რომ ხორავამ გაამეორებინა - ფეხბურთელები საჯარიმოში დარტყმამდე შევარდნენო.
"დინამომ" მეორე ტაიმში შეუტია, თუმცა ისე მძლავრად ვერა, როგორც რიცხობრივ უპირატესობაში მყოფი გუნდი უნდა უტევდეს ანგარიშის გასათანაბრებლად. "ჩიხურა" კარგად იცავდა თავს და ბოლოს კინაღამ იქით გაიტანა: გიორგი კორიფაძის მშვენიერ გარღვევასა და ჩაწოდებას თორნიკე გორგიაშვილის ახლოდან დარტყმა მოჰყვა და მეკარე ლიტოვჩენკომ სასწაულებრივად მოიგერია ფეხით.
ჩიხურა (საჩხერე) - დინამო (თბილისი) 2:1 (2:1)
ჩიხურა: ჰამზიჩი, კორიფაძე, კაშია, მირცხულავა, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, განუგრავა, გორგიაშვილი, დეკანოიძე (ივანიშვილი 70), სარდალიშვილი (კაკუბავა 44), ტატანაშვილი (გელაშვილი 82)
დინამო თბ: ლიტოვჩენკო, მიშენკო (პაპუნაშვილი 78), გველესიანი, ლოჩოშვილი, თოთაძე, ქარდავა, კიტეიშვილი, ლობჟანიძე (თევზაძე 70), ზარია (ჩაკვეტაძე 61), მიქელთაძე, არაბული
გოლები: 1:0 განუგრავა (22), 2:0 ტატანაშვილი (27 პენ), 2:1 არაბული (43 პენ)
გაფრთხილება: მირცხულავა, კაკუბავა, დობროვოლსკი - თოთაძე, ლოჩოშვილი, გველესიანი
გაძევება: მირცხულავა (41)
მსაჯი: ხორავა