ფეხბურთი

21:45 | 24.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" სანჩესის ტრანსფერზე მუშაობს, ჩილეს ფეხბურთის ფედერაცია მოვლენებს წინ უსწრებს

ჩილეს ეროვნული ნაკრების და ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელმა ალექსის სანჩესმა, შესაძლოა, კარიერა გერმანიაში გააგრძელოს. როგორც El Mercurio იუწყება, მიუნხენის "ბაიერნი" ინგლისურ კლუბს სამხრეთამერიკელის სანაცვლოდ 58 მილიონ ევროს, ხოლო ფეხბურთელს წელიწადში 13 მილიონ ევროს სთავაზობს. იმ შემთხვევაში თუ ალექსისი წინადადებას დათანხმდება, მას ამჟამინდელი ხელფასი 60%-ით გაეზრდება.

ასევე ცნობილია, რომ ალექსის აგენტი ფერნანდო ფელიჩევიჩი მიუნხენში გაფრინდა და გერმანული გრანდის ხელმძღვანელობას შეხვდა. "რეკორდმაისტერთა" აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ დაადასტურა, რომ კარლო ანჩელოტის სასურველ ფეხბურთელთა სიაში სანჩესიცაა.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ჩილეს ფეხბურთის ფედერაციამ კონფედერაციათა თასისთვის შემადგენლობა დაასახელა, სადაც სანჩესი "ბაიერნის" ფეხბურთელად იყო მოხსენიებული, შემდეგ ეს შეცდომა გამოასწორეს. გერმანული გრანდის მოთამაშემ არტურო ვიდალმა კი აღნიშნა, სანჩესს ჩვენნაირ დიდ გუნდში თამაში სჭირდებაო.

ჩილელს "მეთოფეებთან" კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ალექსისმა ყველა ტურნირზე 50 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 29 გოლი და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.144011