ფეხბურთი

21:17 | 23.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივმა" ზედიზედ მეოთხედ წააგო

თბილისის "ლოკომოტივმა" ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო. თანაც, წააგო იმ გუნდთან, რომელსაც პირველ წრეში სტუმრად 5:0 სძლია. გიორგი დევდარიანის გაწვრთნილები ფოთის "კოლხეთს" "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზეც უგებდნენ, მაგრამ ათი წუთის შემდეგ უკვე 1:2 აგებდნენ და საბოლოოდ, ამ ანგარიშით დამარცხდნენ.

49-ე წუთი იყო, როცა ნოდარ ქავთარაძემ დააწინაურა "ლოკო". კონტრშეტევისას სწრაფად წაიღო ბურთი მარცხენა ფლანგზე, შოთა კერძევაძეს გასცდა და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა - 1:0.

კერძევაძე იმ მომენტში პოზიციურად შეცდა, თუმცა ხუთ წუთში გადაფარა ეს შეცდომა. კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა კარში - 1:1. ისე, ამ მომენტზე სასიხარულო რა უნდა იყოს, შეცდომას გატანილი გოლით რომ გამოასწორებ.

გავიდა კიდევ ხუთი წუთი და "კოლხეთი" სულაც წინ გავიდა. გიორგი კიკნაძემ მარჯვენა ფლანგზე დაკარგა ბურთი, სენეგალელი დაფე ისარივით მოსწყდა ადგილიდან, ნახევარი მოედანი გაირბინა და უკრაინელი მიკოლა კოვტალიუკი პირისპირდატოვა. კოვტალიუკმაც კარგად გამოიყენა შანსი - 1:2.

ეს კოვტალიუკის მერვე გოლია მიმდინარე ჩემპიონატში. კარგი ფორვარდია და ასევე, რადგან ფოთელთა ლეგიონერებს შევეხეთ, მარცხენაფლანგელები უნდა შევაქოთ: მცველი ოტიენო და გარემარბი დაფე - მათ ამჯერადაც კარგი მატჩი ჩაატარეს.

"ლოკომოტივმა" შეტევა სცადა და ყველაზე რეალური მომენტი თემურ ღონღაძეს შეექმნა - ქავთარაძის ჩაწოდების შემდეგ, კარგად ვერ დაარტყა. თავის მხრივ, გელა სანაიას გუნდსაც ჰქონდა სხვაობის გაზრდის შანსი: დავით ბოლქვაძემ ძელს გაარტყა ბურთი.

24 მაისი. 18:00. თბილისი. "მიხეილ მესხი 2"

ლოკომოტივი (თბილისი) - კოლხეთი (ფოთი) 1:2 (0:0)

ლოკომოტივი: თევდორაძე, გაბაძე, ჭანტურია, რეხვიაშვილი (ხიდეშელი 73), უბილავა, სამურკასოვი (არველაძე 61), კიკნაძე (ღონღაძე 66), არდაზიშვილი, ქავთარაძე, დიასამიძე, სიხარულიძე

კოლხეთი: სიკაჩი, გ.კილასონია, ვ.კილასონია, კერძევაძე, კაკულია (ოტიენო 46), ენდელაძე, ბოლქვაძე, კორობკა (ბუხაიძე 77), ჯანელიძე, დაფე (ალ.კვარაცხელია 79), კოვტალიუკი

გოლები: 1:0 ქავთარაძე (49), 1:1 კერძევაძე (54), 1:2 კოვტალიუკი (59)

გაფრთხილება: კიკნაძე, ჭანტურია, რეხვიაშვილი - ბოლქვაძე

მსაჯი: მაჭარაძე

0.113958