კალათბურთი

18:41 | 22.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

უიღბლო გუნდის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა

საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის დღევანდელი ტურის ბოლო შეხვედრაში „ოლიმპმა“ „ბათუმს“ უმასპინძლა. „მგზავრებთან“ ერთად ორივე გუნდი სუპერლიგიდან გავარდნის კანდიდატია. შესაბამისად, ამ მატჩის შედეგს ორივე გუნდისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

95:73 გაიმარჯვა „ოლიმპმა“ და პლეი აუტის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „ოლიმპს“, „მგზავრებს“ და „ბათუმს“ 44-44 ქულა აქვთ („ოლიმპს“ დაკლებული აქვს ერთი ქულა). „ბათუმს“, „ოლიმპსა“ და „მგზავრებთან“ შედარებით ერთი თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ უიღბლო გუნდის ვინაობა, რომელიც სუპერლიგას დაემშვიდობება, პლეი აუტის ბოლო ტურში გახდება ცნობილი.

მიუხედავად იმისა, რომ ზღვისპირელები გამოკვეთილი ცენტრის გარეშე თამაშობენ, შეხვედრა მაინც სტუმართა უპირატესობით დაიწყო, რომლებიც პირველი მეოთხედის შემდეგ საკმაოდ სოლიდური ანგარიშით 33:17 დაწინაურდნენ. მომდევნო მეოთხედებში სულ მასპინძლები აქტიურობდნენ. მესამე მეოთხედში „ოლიმპმა“ ანგარიშში სხვაობა ორ ქულამდე დაიყვანა - 48:50. ძირითადად გეგი ბაქრაძისა და ამერიკელი ლეგიონერის ტრე ბურნეთის აქტიური თამაშის შემდეგ მასპინძლებმა ანგარიში პირველად გეგი ბაქრაძის ზუსტი სამქულიანის შემდეგ მეორე წუთზე გაათანაბრეს - 68:68. მეოთხე წუთის დასაწყისში იმავე ბაქრაძის სამქულიანის შემდეგ „ოლიმპი“ პირველად დაწინაურდა - 73:71. ამის შემდეგ ლეონიდ ივატინის შეგირდებს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ და დიდი ანგარიშით 95:76 შეძლეს მეტოქის დამარცხება.

ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი 24 ქულა გეგი ბაქრაძემ დააგროვა. მისმა თანაგუნდელმა ტრე ბურნეთმა კი 20 ქულითა და 15 მოხსნით ამ შეხვედრაში ერთადერთი ორმაგი დუბლი შეასრულა. სტუმართა შორის 22 ქულით ყველაზე შედეგიანი ილია შემოსიუკი იყო.

ამჟამად მიმდინარეობს მიმდინარე ჩემპიონატის ფინალური სერიის პირველი შეხვედრა, სადაც რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული „დინამო“ საქართველოს თასის მფლობელს და მოქმედ ჩემპიონ „ქუთაისს“ მასპინძლობს.

ოლიმპი - ბათუმი 95:76 (17:33, 21:17, 24:18, 33:8)

პლეი აუტის მეორე წრის ბოლო მესამე ტური 24 მაისს გაიმართება. 26 მაისს „ოლიმპი“ – „მგზავრების“ მეორე წრის პირველი ტურიდან გადმოტანილი შეხვედრაა დაგეგმილი.

0.118993