ფეხბურთი

2:22 | 22.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდა, “არსენალი” ოთხეულს მიღმა დარჩა

პრემიერლიგის ბოლო ტურის უმთავრესი ინტრიგა მე-3 და მე-4 ადგილოსნების ვინაობის გამოვლენა გახლდათ. როგორც მოსალოდნელი იყო, “მანჩესტერ სიტიმ” და “ლივერპულმა” თავიანთი მატჩები მოიგეს და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდნენ, ხოლო “არსენალს” ევროპა ლიგით მოუწევს დაკმაყოფილება.

“სიტი” გასვლაზე “უოტფორდს” დაუპირისპირდა და შავი დღე აყარა. ხოსეპ გვარდიოლას შეგირდებმა ყველაფერი საწყის 45 წუთში გადაწყვიტეს და მეტოქეს ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანეს, ხოლო მეორე ტაიმში ერთი გოლი გაბრიელ ჟეზუსმაც შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:5. “ქალაქელებმა” მე-3 ადგილი მოიპოვეს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ადგილი დაიბევეს.

“ლივერპულმა” “ენფილდ როუდზე” ჩემპიონშიფში გავარდნილი “მიდლსბრო” მიიღო, სამი უპასუხო გოლი გაუტანა და მე-4 ადგილი გაიფორმა. შესაბამისად, მერსისაიდულ კლუბს ჩემპიონთა ლიგის მეოთხე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწევს თამაში და ჯგუფში შესვლას იქიდან შეეცდება.

“არსენალი” შინ “ევერტონს” დახვდა და მიუხედავად იმისა, რომ მე-14 წუთიდან მოყოლებული კაცნაკლული თამაშობდა, 3 ქულის მოპოვება მოახერხა, თუმცა ოთხეულში შესასვლელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ლონდონური კლუბი 21 წლის შემდეგ პირველად, ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩა.

ჩემპიონი “ჩელსი” “სტემფორდ ბრიჯზე” ბოლო ადგილოსან “სანდერლენდს” ეთამაშა და დიდი ანგარიშით 5:1 დაამარცხა. თუმცა, ამ მატჩში გამორჩეული მომენტი ჯონ ტერის გაცილების ეპიზოდი გახლდათ: ლონდონელთა ლეგენდარული 26-ე ნომერი შეხვედრის 26-ე წუთზე შეცვალეს და ის მოედნიდან საპატიო დერეფნით გააცილეს.

მე-2 ადგილოსანმა “ტოტენჰემმა” გასვლაზე ზედიზედ მეორე ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა. რამდენიმე დღის წინ, “დეზებმა” “ლესტერი” “კინგ პაუერ სთედიუმზე” 6:1 დაამარცხეს, გუშინ კი, ეს შედეგი გააუმჯობესეს და “ჰალ სიტი” გასვლაზე 7:1 გაანადგურეს. აღსანიშნავია, ჰარი კეინის ჰეთ-თრიკი (წინა მატჩში პოკერი შეასრულა), რომელიც 29 გატანილი გოლით პრემიერლიგის 2016/2017 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ნახსენები “ლესტერი” შინ “ბორნმუთს” დაუხვდა, ფრედ 1:1 ეთამაშა და სეზონი მე-12 ადგილზე დაასრულა. არადა, გამარჯვების შემთხვევაში, “მელიები” მე-9 პოზიციამდე აღზევდებოდნენ.

გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ოლდ ტრაფორდზე” “კრისტალ პალასი” მიიღო, ორი უპასუხო გოლი გაუტანა და ევროპა ლიგის ფინალს კარგ ხასიათზე შეხვდება.

“სტოკმა” პიტერ კრაუჩის გოლით გასვლაზე “საუთჰემპტონს” აჯობა. ასევე სტუმრად ივარგა “ვესტ ჰემმა”, რომელმაც “ბარნლი” დაამარცხა, ხოლო “სუონსიმ” “ლიბერთი სთედიუმზე” “ვესტ ბრომვიჩს” მოუგო.

არსენალი – ევერტონი 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 ბელერინი (8), 2:0 სანჩესი (27), 2:1 ლუკაკუ (58), 3:1 რემსი (91)
გაძევება: კოშელნი (14 ა.)

ბარნლი – ვესტ ჰემი 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 ვოკსი (23), 1:1 ფეგული (27), 1:2 ა.აიუ (72)

ჩელსი – სანდერლენდი 5:1 (1:1)

გოლები: 0:1 მანკილიო (3), 1:1 ვილიანი (8), 2:1 აზარი (61), 3:1 პედრო (77), 4:1, 5:1 ბაჩუაი (90; 92)

ჰალი – ტოტენჰემი 1:7 (0:3)

გოლები: 0:1, 0:2, 1:5 კეინი (11; 13; 72), 0:3 ალი (45+2), 1:3 კლუკასი (66), 1:4 ვანიამა (69), 1:6 ბ.დევისი (84), 1:7 ალდერვეირელდი (87)

ლესტერი – ბორნმუთი 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 სტანისლასი (1), 1:1 ვარდი (51)

ლივერპული – მიდლსბრო 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ვეინალდუმი (45+1), 2:0 კოუტინიო (51), 3:0 ლალანა (56)

მანჩესტერ იუნაიტედი – კრისტალ პალასი 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 ჰაროპი (15), 2:0 პოგბა (19)

საუთჰემპტონი – სტოკი 0:1 (0:0)

გოლი: კრაუჩი (60)

სუონსი – ვესტ ბრომვიჩი 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 ევანსი (33), 1:1 ჯ.აიუ (72), 2:1 ლორენტე (86)

უოტფორდი – მანჩესტერ სიტი 0:5 (0:4)

გოლები: 0:1 კომპანი (5), 0:2, 0:3 აგუერო (23; 36), 0:4 ფერნანდინიო (41), 0:5 ჟეზუსი (58)

0.163177