საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა მინსკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული მედლების რაოდენობა 5-მდე გაზარდა. სამდღიანი შეჯიბრების მეორე დღეს – 20 მაისს, სპორტულ სამბოში მამაკაცებს შორის საპრიზო სამეულები სამ წონით კატეგორიაში: 57, 74 და 100 კილოგრამებში შეივსო. საქართველოს ნაკრებს მონაწილე სამივე წონაში ჰყავდა და ორი მათგანი პოდიუმზეც ავიდა. ნინო ოძელაშვილის (72 კგ) ოქროს, პაატა ღვინიაშვილის (90 კგ) ვერცხლსა და ლევან ბერბერაშვილის (52 კგ) ბრინჯაოს თავისი წილი მედლები ლევან ნახუცრიშვილმა (74 კგ) და ვახტანგ ჩიდრაშვილმა (57 კგ) მიამატეს. დილის პროგრამა ორივემ წაუგებლად ჩაამთავრა და ფინალში გავიდა.
ლევან ნახუცრიშვილმა (74 კგ) გადამწყვეტი ბრძოლაც მოიგო, ბულგარეთის ნაკრების წევრ აშოტ მარტიროსიანთან და ევროპის ჩემპიონი გახდა. ქართული გუნდის ყველაზე ტიტულოვანი წევრი ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ) კი რუს ვლადიმირ გლადკიხთან დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა.
დავით ლორიაშვილი (100 კგ) მედლისთვის ბრძოლას დილის პროგრამაშივე გამოეთიშა, ისევე, როგორც საქართველოს ქალთა ნაკრების წევრი მარი მახარაშვილი (52 კგ).
დღეს მამაკაცთა და ქალთა შორის მედლების ბოლო სამ-სამი კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს ნაკრების წევრთაგან ევროკონკურენციაში ჩაებმებიან: ზვიად ოდოშაშვილი (62 კგ), ნიკო კუცია (82 კგ), ბექა ბერძენიშვილი (+100 კგ), სალომე აბაშიძე (56 კგ), თეა სუხიტაშვილი (68 კგ) და ელენე ქებაძე (+80 კგ).