კალათბურთი

10:30 | 19.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი ესპანეთს აოცებს: "კარიერაში საუკეთესო სეზონი მაქვს"
"ევროპის ჩემპიონატზე დიდი შანსი გვაქვს"

„კარიერაში ნამდვილად საუკეთესო სეზონი მაქვს - ამდენი წელია ვთამაშობ და ასეთი პერიოდი არსად მქონია. თვის კი არა, ტურის საუკეთესო მოთამაშე აქამდე ერთხელ ვიყავი, როცა იტალიაში ვთამაშობდი, ხოლო ამ სეზონში ესპანეთში ტურის და თვის საუკეთესოდ სამჯერ დამასახელეს იანვარში, მარტში და მაისში“, - ეს სიტყვები გიორგი შერმადინს ეკუთვნის, რომელიც მან WORLDSPORT.GE-სთან საუბრისას განაცხადა.

ძნელია არ დავეთანხმოთ 28 წლის ქართველ კალათბურთელს, რომელსაც მართლაც დიდებული პერიოდი უდგას. ცალსახაა, რომ ესპანეთის ლიგა ენდესა ევროპაში საუკეთესო შიდა ჩემპიონატია და იქ თავის გამოჩენა, უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. ტური ისე არ ჩაივლის, რომ შერმადინი არ გამოარჩიონ და საფუძვლიანადაც - „მორაბანკ ანდორა“ პლეი-ოფში ითამაშებს, ეს კი, გიორგის დიდი ძალისხმევით მოხდა.

საერთოდ, საინტერესო, გულღია მოსაუბრეა და ამიტომაც, საკმაოდ საინტერესო დიალოგი შედგა. შერმადინი არ მალავს, რომ უკეთეს გუნდში გადასვლის სურვილი აქვს და როგორც გვითხრა, ევროლიგის მონაწილე კლუბიდან თუ იქნება წინადადება, სიამოვნებით დასთანხმდება. დანარჩენს ქვემოთ წაიკითხავთ:

შესრულებული მიზნები

„რა თქმა უნდა, ნორმალური სეზონი გამოვიდა. რაც მიზნად გვქონდა დასახული, შევასრულეთ - გავედით სამეფო თასზე, რაც ძალიან დიდი პრესტიჟია ის, რომ რვა გუნდში გახვიდე. მეორე კი, ჩემპიონატში დაგვეკავებინა მინიმუმ მერვე ადგილი და გვეთამაშა პლეი-ოფში. ეს ყველაფერი შევასრულეთ და გახარებულები ვართ. განსაკუთრებით, კარგად სახლში ჩავატარეთ თამაშები. ერთი „ბასკონიასთან“ წავაგეთ და მეორე ახლახან, „რეალთან“. თუმცა, სტუმრად თამაში გვიჭირდა და რამდენიმე თამაში ჩავაგდეთ. მთლიანობაში სეზონით კმაყოფილები ვართ და ასეც უნდა იყოს, რადგან კარგი შედეგი ვაჩვენეთ“.

ევროლიგაში

„ანდორასთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს მეწურება. ჯერჯერობით სხვა გუნდებთან არ მისაუბრია. რა თქმა უნდა, ჩემი აგენტი ელაპარაკება სხვადასხვა გუნდებს, მაგრამ გადაჭრით საუბარი ახლა ადრეა. სანამ სეზონი არ დამთავრდება, ევროლიგის ოთხთა ფინალი, მანამდე რამის თქმა რთულია. მერე კი, იმედი მაქვს, რომ კარგ გუნდში მოვხვდები. ისე, ევროლიგის გუნდიდან თუ იქნება შემოთავაზება, დიდი სიამოვნებით დავთანხმდები. მიუხედავად ამისა, დიდი სურვილი მაქვს, რომ ესპანეთში დავრჩე, რადგან ძალიან მაღალი დონის ლიგაა. არ ვიცი, მომავალში რა მოხდება - სურვილი მაქვს, რომ ესპანეთში დავრჩე და ევროლიგაზეც ვითამაშო“.

სასწაულები „რეალთან“

„ალბათ სასწაულია - „რეალს“ სამჯერ ვეთამაშეთ და სამჯერვე ოვერტაიმში წავაგეთ. არ მახსოვს, სხვაგან თუ მოუწია მადრიდულ გუნდს ოვერტაიმში თამაში. რა თქმა უნდა, დამატებითი მოტივაციაა, როდესაც მადრიდის „რეალს“, „ბარსელონას“ ეთამაშები. ყველასთის ასეა, რომ როგორმე თავი გამოიჩინონ, მოუგონ, რადგან ჩვენზე უკეთესები არიან. ამიტომაც, ვცდილობთ ისე ვითამაშოთ, რომ დავამარცხოთ. წინა სამი თამაშში სამწუხაროდ ეს არ გამოგვივიდა, მაგრამ იმედი მაქვს, პლეი-ოფში ამას მოვახერხებთ. დარწმუნებული ვარ, „რეალი“ მშვიდად ვერ იქნება, ჩვენ ისეთი წინააღმდეგობა გავუწიეთ რეგულარულ სეზონში და ვერ იტყვიან, რომ ხელწამოსაკრავი გუნდი გვყავს. ვნახოთ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.

შემთხვევითობა

„ზაზას კარგად ვიცნობ და გამორიცხულია განზრახ ეთამაშა. დარწმუნებული ვარ, არცერთ კალათბურთელს არ აქვს ასეთი სურვილი. ზაზა მივიდა დაცვის სათამაშოდ და პირიქით, ის დაახტა ფეხზე. არ ვიცი, ვინ როგორ ფიქრობს, მაგრამ ჩემი აზრით, არანაირი ტრავმაზე თამაში არ ყოფილა და ვინც ასე ფიქრობს, ძალიან ცდება. ეს ყველაფერი შემთხვევითობაა“.

საქართველოს ნაკრებში ფაჩულიასთან ერთად

„ისეთი სიტუაციაა, რომ მე და ზაზას ერთი პოზიცია გვაქვს და ეს თითქმის შეუძლებელია - თანაც, ისეთი ოთხი ნომრის მოთამაშეები გვყავს, რომლებიც კარგ ფორმაში არიან. აგერ, ბექა ბურჯანაძეს მაგარი სეზონი აქვს, თორნიკე შენგელია „ბასკონიას“ ანგრევს (იცინის). არ ვიცი, ცქიტიშვილი იქნება თუ არა, ნაკრებში, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მარკოიშვილიც და სანიკიძეც მოიშუშებენ ტრავმებს და ჩვეულ ფორმაში იქნებიან. ევროპის ჩემპიონატზე ძალიან კარგი შანსი გვაქვს და იმედი მაქვს, წარმატებული ზაფხული გველოდება“.

ბექა ბურჯანაძე

„ბექას ტრავმა სერიოზული არაა და ვიმედოვნებთ, პლეი-ოფში დაგვეხმარება. იგი ჩვენთვის დიდი ძალაა. მინდა გითხრათ, რომ თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა - ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ პლეი-ოფში თამაში შეძლო“.

რეგულარულის MVP: სერხიო ლული თუ გიორგი შერმადინი?

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამინას, ვინც თუნდაც ერთი ხმა მომცა სიმბოლურ ვარსკვლავის მატჩზე. ძალიან გამიხარდა, როდესაც პირველ ხუთეულში მოვხვდი, რადგან ძლიერი კალათბურთელები არიან ესპანეთის ჩემპიონატში. აქვე დავამატებ, რომ რეგულარული სეზონის MVP-ი ჯერჯერობით ცნობილი არაა. აქ ამბობენ, რომ ის სერხიო ლული იქნება, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ველოდები შედეგის გამოქვეყნებას“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115559