ფეხბურთი

18:50 | 18.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

აკაკი შულაია: “ვიმედოვნებ, ეროვნულ ნაკრებში თამაშს დავიმსახურებ”

WORLDSPORT.GE გთავაზობთ ახალ რუბრიკას “ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონატიდან”. ჩვენი პირველი რესპოდენტი ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერის, მარტვილის “მერანის” 20 წლის ნახევარმცველი აკაკი შულაიაა.

როგორც ახალგაზრდა მოთამაშემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, ბავშობიდანვე ძალიან უნდოდა ფეხბურთელი გამხდარიყო, მისი კუმირი კი რონალდინიო იყო, რომელმაც სპორტის ეს სახეობა შეაყვარა. ძალიან პატარა იყო, როდესაც “მერანში” მოხვდა და ამბობს, რომ კლუბში ისეთი მეგობრული გარემო დახვდა, გუნდთან შეგუება არ გასჭირვებია. დებიუტი “ცხინვალთან” დაპირისპირების დროს ჰქონდა 2013-2014 წლების სეზონში და აღსანიშნავია, რომ პირველივე მატჩში შეძლო გოლის გატანა. დიდი სურვილი აქვს, მოხვდეს ეროვნულ ნაკრებში და გვპირდება, რომ ყველაფერს გააკეთებს ეროვნული მაისურის ტარების ღირსი რომ გახდეს.

ფეხბურთი ბავშობიდან მიყვარდა, რაიონში სულ ასაკით დიდებთან მათამაშებდნენ, რადგან კარგად გამომდიოდა. მერე გადავწყვიტე უკეთ დავუფლებოდი და ფეხბურთზე შევედი. ჭაბუკთა ლიგაში “სერგიეთში” ვთამაშობდი. ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი ჯესი სურმავას, ლევან ნოდიას და თენგო წიწინაძეს მიუძღვით და მინდა მადლობა გადავუხადო მათ. 16 წლის ასაკში უკვე უმაღლეს ლიგაში გადამიყვანეს და აქიდან დაიწყო ჩემი პროფესიონალური კარიერა.

ჩემი კუმირი რონალდინიო იყო, სწორედ მისმა თამაშმა შემაყვარა ფეხბურთი.

- რთული იყო “მერანში” მოხვედრა?

- თავისთავად. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ძალიან პატარა ვიყავი ასაკით. “მერანის” მთავარ გუნდში რომ გამომიძახეს ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. პირველი ვარჯიშიდანვე ძალიან კარგი გარემო დამხვდა. ყველა თბილად მექცეოდა, ისე ვართ, როგორც ერთი დიდი ოჯახი. ძალიან მეგობრული კლუბია “მერანი”.

- როგორი მდგომარეობაა გუნდში და რა არის ამ სეზონის მთავარი მიზანი?

- როგორც გითხარით, ერთიანი გუნდი ვართ. დიდ დროს ვატარებთ ერთად და ეს ყველაზე მთავარია. სწორედ ეს ერთობა გვაძლევს ძალას, რომ სეზონი კარგად ჩავამთავროთ. გარკვეული გამოცდილება გამაჩნია, მაგრამ ჩვენთან ისეთი მოთამაშეებიც არიან, რომლებსაც ყურადღებით ვაკვირდები, როგორ იქცევიან, თამაშობენ და მეც ვცდილობ მათნაირი ვიყო.

- მე-12 ტურის შემდგომ პირველ პოზიციაზე მყარად იმყოფებით. როგორ ფიქრობ, დამსახურებულად ხართ ცხრილის სათავეში?

- რა თქმა უნდა დამსახურებულად ვართ პირველ ადგილზე და ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ სათავეში. ვიმედოვნებ, სეზონის ბოლომდე შედეგსაც და თამაშის ხარისხსაც ბევრად გავაუმჯობესებთ.

- მთავარ კონკურენტად ვის მიიჩნევთ ეროვნული ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში?

- ჩვენს ჩემპიონატში კარგი გუნდებია და ცხრილშიც კარგად ჩანს ვინ გვიწევს კონკურენციას.

- რას იტყვი ჩემპიონატის დონეზე, როგორც ეროვნული ლიგა 2-ის, ისე ეროვნული ლიგის?

- ნათელია, რომ ჩემპიონატი ძალიან დაძაბულია და კარგი თამაშები ტარდება. ეს ყველაფერი დონეზეც აისახება. ცვლილება ნამდვილად ეტყობა.

- არცთუ დიდი ხნის წინ იწერებოდა, რომ “დინამოში” გადასვლა გადაწყვეტილი იყო. რამდენად შეეფერება ეს სიმართლეს და რა მოხდა სინამდვილეში.

- ამ თემაზე ლაპარაკი არ მსურს. არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა ჭორი იყო. თუმცა ნათელია, რომ მე “მერანში” ვარ და არა “დინამოში”.

- ხომ არ არის დაინტერესება რომელიმე ქართული თუ უცხოური კლუბებიდან?

- ჩემამდე ინფორმაცია არ მოსულა, თუმცა იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ არიან გუნდები, რომლებიც ჩემით არიან დაინტერესებული, თუმცა კონკრეტულ კლუბზე ვერაფერს ვიტყვი.

- თუ “მერანი” ეროვნულ ლიგაში გადავა, რისი შანსიც ძალიან დიდია, დარჩები მარტვილში?

- რა თქმა უნდა, დიდი შანსია, რომ დავრჩე, თუმცა ამ თვის ბოლოს კონტრაქტი მეწურება და არ ვიცი რა მოხდება.

- გასულ სეზონში საქართველოს თასის მოგებასთან ახლოს იყავით, ფინალს როგორ გაიხსენებდი და როგორ ფიქრობ რა დაგაკლდათ გამარჯვებამდე?

- ალბათ ძლიერმა გაიმარჯვა. სხვა რა გითხრათ. ისინი უფრო იმსახურებდნენ მოგებას. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, თუმცა არ გაგვიმართლა. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ფინალამდე მივსულიყავით. მჯერა, ჩვენი დროც მოვა და დავამტკიცებთ, რომ “მერანს” ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ახლა კი სრულიად ჩემპიონატზე ვართ გადართული.

- 21-წლამდე ნაკრებსაც რომ შევეხოთ – რა სიტუაციაა გუნდში და ხომ არ ყოფილა ეროვნული ნაკრებიდან რაიმე შემოთავაზება?

- ეროვნული ნაკრებიდან შემოთავაზება არ ყოფილა. ეს ჩემი დიდი სურვილია, რომელიც ძალიან მინდა რომ ავისრულო. იმედია ამ სიამოვნებას მივიღებ როცა ღირსი ვიქნები.

- ბოლოს გვითხარი შენი საუკეთესო თერთმეტეული

- ბუფონი, რამოსი, ბონუჩი, მარსელო, კარვახალი, ბუსკეტსი, ინიესტა, მოდრიჩი, მესი, რონალდო, ნეიმარი.

0.209796