ფეხბურთი

1:52 | 18.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" რომაული ვოიაჟი ტრიუმფით დაასრულა (+VIDEO)

ტურინის „იუვენტუსმა“ სეზონის პირველი დავალება წარმატებით გადაჭრა და იტალიის თასი მოიგო - „ბებერმა სინიორამ“ ამის გაკეთება ისტორიაში მეთორმეტედ და ზედიზედ მესამედ მოახერხა. საგულისხმოა, რომ კოპა იტალია 12-ჯერ არავის აქვს მოგებული და არც რომელიმე გუნდს უმარჯვია ამ ტურნირზე სამი წელი მიყოლებით.

მოკლედ, მასიმილიანო ალეგრის გუნდს სამშობლოში ბადალი რომ არ ჰყავს, კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა. სამიოდ დღის წინ, რომში, „რომასთან“ მარცხისა და უფერული თამაშის შემდეგ „იუვენტუსის“ მიმართ კრიტიკა გაღვივდა და უმალვე დაიწყეს შედარებები: 2000 წლის პერუჯას ცნობილ მატჩთან, 2002 წლის ლევერკუზენის „ბაიერთან“, მაგრამ ფაქტია, რომ ტურინელთა ბანაკში პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„იუვენტუსმა“ რომის „ლაციოს“ ისე მოუგო, შანსი თითქმის არ მიუცია. მართალია, მეორე ნახევარში სიმონე ინძაგის გუნდს რამდენჯერმე კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ეს არაფერია იმასთან, რაც პირველ ტაიმში ვნახეთ - სტუმრებმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს და მალევე გადაწყვიტეს მატჩის ბედი. ისევ დიდებულად გაისარჯა დანი ალვეში, რომელიც კვლავაც საუკეთესო იყო თანაგუნდელებს შორის. დანიმ მე-12 წუთზე ალექს სანდროს დიდებული გადაცემა შეირგო და ერთი შეხებით ანგარიში გახსნა. მერე იყო პაულო დიბალას ორი სახიფათო მომენტი და გონსალო იგუაინის დარტყმა, მაგრამ „ლაციალეს“ ალბანელი კიპერი სტრაკოშა შეუვალი იყო. სამაგიეროდ, ვერაფერი მოუხერხა, 25-ე წთუზე ლეონარდო ბონუჩის დარტყმას - 2:0. როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ეს საბოლოო ანგარიში იყო. მეორე ტაიმი კი, როგორც ზემოთ ვახსენეთ „არწივების“ უპირატესობით წარიმართა და ყველაზე ახლოს გოლთან ჩირო იმმობილე და ფელიპე ანდერსონი იყვნენ, მაგრამ ორჯერვე ნეტომ დიდებულად ითამაშა და საკუთარი კარი მშრალად შეინახა.

მერე კი, იყო ტურინელთა ზეიმი მარადიულ ქალაქში და თასის აღმართვა. „იუვენტუსს“ მიმდინარე სეზონში კიდევ ორი ამოცანა აქვს შესასრულებელი: სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგა.

„იუვენტუსი“ – „ლაციო“ 2:0 (2:0) VIDEO

რომი, „სტადიო ოლიმპიკო“

მაყურებელი: 70 000

„იუვენტუსი“ (3-4-2-1): ნეტო; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; დანი ალვეში, რინკონი, მარკიზიო, ალექს სანდრო; დიბალა (ლემინა 78), მანჯუკიჩი; იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„ლაციო“ (3-5-2): სტრაკოშა; ბასტოსი (ფელიპე ანდერსონი 53), დე ვრეი (ლუის ალბერტო 69), უოლასი; ბასტა, პაროლო (რადუ 21), ბილია, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი; ინნობილე, კეიტა

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

გოლები: 1:0 დანი ალვეში (12), 2:0 ბონუჩი (25)

გაფრთხილება: დანი ალვეში (86)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (9) – 13 (7) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 3:6 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო

0.242386