ფეხბურთი

14:07 | 16.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდს" ახალი მწვრთნელი ეყოლება

დორტმუნდის „ბორუსიას“ დამდეგი სეზონიდან დიდი ალბათობით ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. დორტმუნდში ამჟამინდელი თავკაცის, ტომას ტუხელის მუშაობით მოხიბლულები არ არიან და ამიტომაც, გადაწყვიტეს, რომ იგი გაათავისუფლონ.

ავტორიტეტულ გამოცემა Bild-ს თუ დავუჯერებთ, უკვე გადაწყვეტილია, რომ სეზონის დასრულებისთანავე „ყვითლებს“ ლუსიენ ფავრი ჩაიბარებს. წყაროს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და ფავრი „სიგნალ იდუნა პარკელებთან“ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

59 წლის შვეიცარიელისთვის ბუნდესლიგა ნაცნობი ადგილი. თავის დროზე იგი წარმატებით ბერლინის „ჰერტასა“ და მოინხენგლადბახის „ბორუსიაში“ მუშაობდა. ეს უკანასკენლი ორი წლის წინ ჩემპიონთა ლიგაზეც გაიყვანა.

სხვათა შორის, ფავრმა იგივე ფრანგულ „ნიცაშიც“ გააკეთა და ზღვისპირელები აგვისტოში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებენ. „ნიცაში“ ფავრი 2016 წლის მაისიდან მოყოლებული მუშაობს.

რაც შეეხება ტომას ტუხელს - "დორტმუნდს" ბუნდესლიგაში მესამე ადგილი უკავია, თუმცა შესაძლოა ესეც დაკარგოს და მხოლოდ მეოთხე პოზიციას დასჯერდეს. გარდა ამისა, გუნდი გერმანიის თასის ფინალშია გასული, მაგრამ როგორც ჩანს, ამ შეხვედრის შედეგი ტუხელის ბედზე გავლენას ვერ იქონიებს.

0.128826