ვაკეში გამართული თბილისური დერბი "საბურთალომ" მოიგო. არადა, "ლოკომოტივი" იგებდა და თითქოს, პირველ ტაიმში უკეთაც გამოიყურებოდა, მაგრამ მეორე ნახევარში გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილებმა აშკარად აჯობეს მეტოქეს. ზუსტად ასეთივე სცენარი და ანგარიშის მიმდინარეობა ვნახეთ პირველ წრეში: "ლოკომოტივი" იგებდა და წააგო.
ბევრი ფეხბურთელი აკლდა "საბურთალოს", მათ შორის, კაპიტანი გიორგი ხარაიშვილიც. ის თვის ბოლოს დაუბრუნდება გუნდს. არ იყვნენ ცოტნე ნადარაია, გურამ გოშთელიანი, თედო გრიგალაშვილი, ცოტნე ნადარაია და ნოდარ იაშვილიც. თუმცა ბოლო ტურებია, ჭიაბრიშვილის გუნდი სულ შესუსტებული შემადგენლობით თამაშობს.
ისე, გიორგი დევდარიანს უშუალოდ თამაშის დროს მოუწია იძულებითი ცვლილებები: მამია გავაშელიშვილი მე-11 წუთზე დაშავდა. კიდევ, პირველი ტაიმის ბოლოს ირაკლი კომახიძეც შესაცვლელი გახდა.
პირველ გოლს რაც შეეხება, კუთხურს მოჰყვა: რატი არდაზიშვილმა ახლოდან გადაგზავნა ბურთი კარში - 1:0. მალევე, გიორგი კოხრეიძეს შეეძლო გათანაბრება და ოდნავ ააცილა.
მეორე ტაიმში სურათი შეიცვალა. "საბურთალო" გააქტიურდა და მთელი მეორე ტაიმი ფლობდა უპირატესობას. რის ხარჯზე? უპირველესად, მოძრაობის ხარჯზე. ისეთი შთაბეჭდილებაც კი რჩებოდა, თითქოს საბურთალოელები მეტნი იყვნენ მოედანზე... სხვათა შორის, ზუსტად იგივე კომპონენტში დაიჩაგრა "ლოკომოტივი" თბილისის "დინამოსთანაც". თუ არ ირბენ და მეტოქეს მისსავე ნახევარზე არ შეაწუხებ, გაგიჭირდება.
ჯერ ვაგნერ გონსალვეშმა გაიტანა საჯარიმო დარტყმით - ცაციით შორეულ კუთხეში. მერე კი ირაკლი ბიძინაშვილმა ახლოდან დაასრულა კარგი შეტევა. ბიძინაშვილი მხოლოდ სამი წუთის შესული იყო მინდორზე.
ლოკომოტივი - საბურთალო 1:2 (1:0)
ლოკომოტივი: თევდორაძე, ჭანტურია, ხიდეშელი, რეხვიაშვილი, უბილავა, სამურკასოვი, ქავთარაძე, დიასამიძე, კომახიძე (არველაძე 41; კიკნაძე 77), გავაშელიშვილი (არდაზიშვილი 11), სიხარულიძე
საბურთალო: კუპატაძე, ელვინ ტერა, მარგველაშვილი (ბიძინაშვილი 68), ცნობილაძე, ლაკვეხელიანი, მამუჩაშვილი, არზიანი, ალთუნაშვილი (ფიფია 54), შინდაგორიძე, ვაგნერ გონსალესი, კოხრეიძე (მალი 90)
გოლები: 1:0 არდაზიშვილი (30), 1:1 ვაგნერი (61), 1:2 ბიძინაშვილი (72)
გაფრთხილება: არზიანი (17), თევდორაძე (23), ელვინ ტერა (31), ქავთარაძე (41), მარგველაშვილი (63), ლაკვეხელიანი (84), ფიფია (90)
მსაჯი: ვადაჭკორია