ჭადრაკი

19:15 | 13.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოჭადრაკისა და კომპიუტერის პირველი დაპირისპირება

დღეს, ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის შენობაში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და ბტუ-ს (ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი) ერთობლივი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა მემორანდუმი ჭადრაკის ფედერაციასა და ბტუ-ს შორის. მემორანდუმს ხელი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, საერთაშორისო დიდოსტატმა გია (გიორგი) გიორგაძემ და უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა მოაწერეს. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს (ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, სალომე მელია) ბტუ-მ ინდივიდუალური კომპიუტერები გადასცა, ყველაზე კარგი კომპიუტერი კი, ჭადრაკის ფედერაციაში დაიდებს ბინას.

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებმა ჭადრაკის მოყვარულების წინააღმდეგ ერთობლივი თამაშის სეანსები ჩაატარეს. მოხდა საჭადრაკო კომპოზიტორ, საერთაშორისო დიდოსტატ დავით გურგენიძის ახალი წიგნის პრეზენტაცია.

პირველად ქართული ჭადრაკის ისტორიაში, ერთმანეთს ქართველი მოჭადრაკე, კონკრეტულად კი, ერთეულთა შორის ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე და კომპიუტერი დაუპირისპირდნენ. თანაბარი პოზიციის დროს, ძაგნიძემ სათამაშო დროს გადააცილა, ალამი ჩამოუვარდა და გამარჯვება კომპიუტერს დარჩა.

ღონისძიებას, მასმედიასთან ერთად, გიორგაძისა და ბატიაშვილის გარდა, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და ქართული ჭადრაკის ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

0.119926