ფიფამ აშშ-ს, კანადისა და მექსიკის ფეხბურთის ფედერაციების თხოვნა გაითვალისწინა და მსოფლიოს 2026 წლის მასპინძელს მოსკოვში 2018 წლის ივლისში დაგეგმილ კონგრესზე აირჩევს.
როგორც ცნობილია, ამ სამმა ქვეყანამ ახალი ფორმატით ჩასატარებელი მუნდიალის (ტურნირში 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას) მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი გასულ თვეში გააკეთა და ამავდროულად, მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას მასპინძლის არჩევის საკითხის დაჩქარების თხოვნითაც მიმართა, რადგან გამარჯვების შემთხვევაში, ტურნირისთვის უკეთ მოსამზადებლად მეტი დრო ჰქონდეთ.
ფიფას გადაწყვეტილებით, მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის მსურველებს განაცხადის წარსადგენად ვადა 11 აგვისტომდე ექნებათ. იმ შემთხვევაში, თუკი 68-ე კონგრესი მოსკოვში არჩევანის გაკეთებას ვერ შეძლებს, განაცხადების გაკეთების ვადაც გახანგრძლივდება და საბოლოო გადაწყვეტილებას 2020 წელს მიიღებენ.