ის, რაც ბათუმის "დინამოსა" და გორის "დილას" შორის თამაშში მოხდა, არათუ საქართველოში, მთლიანად მსოფლიოში იშვიათია. გორელები 84-ე წუთამდე ორი ბურთით აგებდნენ, სამი ბურთი გაიტანეს და მოიგეს. ასეთი რამ საქართველოს ჩემპიონატის ისტორიიდან არ გვახსენდება.
"დილას" მწვრთნელმა ზივ არიემ შეცვლები ათიანში მოარტყა. გოლები გაიტანეს მცველმა გიორგი ფოფხაძემ და ბრაზილიელმა ნუბიომ, რომლებიც მეორე ტაიმში გამოჩნდნენ მოედანზე.
ეს "დილასთვის" ზედიზედ მეორე მოგება იყო და გუნდმა მეექვსე საფეხურზე გადაინაცვლა. მომდევნო ტურში გორელები თბილისის "დინამოს" უმასპინძლებენ და ეცდებიან, მეორედ გაამწარონ ამ სეზონში. შეგახსენებთ, პირველ წრეში ზივ არიეს გაწვრთნილებმა 2:1 მოიგეს.
"დილა" მართლაც უცნაურია, წინა შეხვედრაში "ჩიხურასთან" საწყის რვა წუთში გაიტანა ორი გოლი, ამჯერად კი მატჩის ბოლო წუთები აქცია ბენეფისად. ლეანდრო არ გვიხსენებია - ბრაზილიელი ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერია ჩვენს ჩემპიონატში.
ბათუმის "დინამოს" კი ცუდი პერიოდი აქვს, უკვე მეშვიდედ წააგო. წარმოიდგინეთ, ამ სეზონში ოთხჯერ მოხდა, რომ ბათუმელები იგებდნენ და დამარცხდნენ.
"დილას" პრესსამსახურის ფოტო/ეროვნული ლიგის ვიდეო