„გოლდენ სტეიტ უორიორსი“ და ზაზა ფაჩულია NBA-ს დასავლეთის კონფერენციის ფინალში არიან. პლეი ოფის მეორე რაუნდში ოკლენდელებმა მეოთხე მატჩიც მოუგეს „იუტა ჯაზს“ და სერიაში მშრალი ანგარიშით - 4:0 იმარჯვეს.
სერიის მეოთხე მატჩი დღეს, სოლტ ლეიკ სიტიში გაიმართა, რომელიც „გოლდენ სტეიტმა“ დიდი უპირატესობით - 121:95 მოიგო. ზაზა ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთულში იყო და მოედანზე სერიაში უმეტესი - 19 წუთი გაატარა. ქართველმა ლეგიონერმა 5-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულით, 8 მოხსნით და 2 ჩაჭრით დაასრულა.
„გოლდენ სტეიტს“ 30 ქულით სტეფ კარიმ ულიდერა. 18 ქულა დააგროვა კევინ დიურანტმა, ხოლო დრეიმონდ გრინის ანგარიშზე სამმაგი დუბლი - 17 ქულა, 11 პასი და 10 მოხსნა დაგროვდა.
„გოლდენ სტეიტი“ დასავლეთ კონფერენციის ფინალშია და მეტოქეს ელოდება, რომელიც „სან ანტონიოსა“ და „ჰიუსტონის“ დაპირისპირებაში უნდა გამოვლინდეს. აღნიშნულ სერიაში ანგარიში 2:2-ია.
gbf.ge