კალათბურთი

10:20 | 8.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი - ესპანეთის ჩემპიონატის ტურის MVP

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის XXXII ტური ძალზე წარმატებული გამოდგა გიორგი შერმადინისთვის - ქართველი ტურის საუკეთესო მოთამაშედ ლიგა ენდესას ოფიციალურმა ვებგვერდმა ცნო. სხვათა შორის, ეს პატივი შერმადინისთვის მიმდინარე სეზონში უცხო სულაც არაა და ტურში საუკეთესოდ უკვე მეოთხედ დასახელდა. მეტიც, ზედიზედ ორჯერ თვის საუკეთესო კალათბურთელიც გახდა.

ამჯერად „მორაბანკ ანდორამ“ საკუთარ მოედანზე ლიდერი „ვალენსია“ მიიღო და 89:84 დაამარცხა. ამაში შერმადინის დიდი წვლილია: 27:23 წუთი, 22 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი - ასეთი შედეგი აჩვენა ჩვენებურმა. გიორგიმ 11-დან 8 ორქულიანი ჩააგდო და შვიდიდან ექვსი საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. რაც შეეხება მარგი ქმედების კოეფიციენტს, ამ მხრივაც ყველას აჯობა - 32.

აღნიშნულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია კიდევ ერთ ჩვენებურს - ბექა ბურჯანაძეს.

„მორაბანკ ანდორა“ მერვე ადგილზეა და ახლოსაა პლეი-ოფში მოხვედრასთან. ქართველების გუნდი მომდევნო შეხვედრას 10 მაისს, აუტსაიდერ „ბეტისთან“ სტუმრად ჩაატარებს.

0.120375