საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა პლეი-ოფის ნახევარფინალური შეხვედრის მეორე წყვილის პირველი შეხვედრა შედგა, სადაც რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა „დინამომ“ მეოთხეადგილოსან „რუსთავს“ უმასპინძლა.
მიმდინარე სეზონში ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე, ფავორიტად მასპინძლები სახელდებოდნენ. პროგნოზი გამართლდა, დინამოელებმა დიდი ანგარიშით - 91:58 შეძლეს მეტოქის დამარცხება და სერიაში, რომელიც 3 მოგებმადე გრძელდება, 1:0 დაწინაურდნენ.
როგორც მოსალოდნელი იყო, აღნიშნული შეხვედრა „დინამოს“ უპირატესობით დაიწყო. შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, რომელიც ირაკლი ხოშტარიას შეგირდებმა 21 ქულის სხვაობით - 45:24 მოიგეს. მესამე მეოთხედში „რუსთავმა“ გაიბრძოლა, 10-ქულიანი გაქცევაც მოაწყო (11:1), მაგრამ ეს იყო და ეს, სტუმრებმა მეტის გაკეთება ვერ შეძლეს. ბოლო მეოთხედში უპირატესობას ისევ „დინამო“ დაეუფლა.
ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 21 ქულა „დინამოს“ კაპიტანმა, ცენტრალურმა თავდამსხმელმა ილია ლონდარიძემ დააგროვა. მისმა კოლეგა და თანაგუნდელმა, სერბმა ლეგიონერმა ნიკოლა მარავიჩმა კი 10 ქულით და ამდენივე მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. რუსთაველთა შორის 20 ქულით ყველაზე შედეგიანი მძიმე ფორვარდი მაურის დუგლას ბრიგსი იყო.
ამ გუნდების მეორე შეხვედრა 9 მაისს გაიმართება. შეხვედრას თბილისის ოლიმპიური სასახლე უმაპისნძლებს.
დინამო – რუსთავი 91:58 (25:12, 20:12, 20:21, 26:13)