კალათბურთი

23:26 | 4.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

გამარჯვებას ორივე გუნდი იმსახურებდა

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩების სერია რეგულარულ ჩემპიონატში შესაბამისად მეორე-მესამე ადგილებზე გასული ,,ქუთაისისა’’ და ,,კაკტუსის’’ მატჩით გაიხსნა, რომელსაც მოედნის უპირატესობის მქონე ქუთათურებმა უმასპინძლეს.

ამ ნახევარფინალურ წყვილში, რაღა თქმა უნდა, ფავორიტად მოქმედი ჩემპიონი, საქართველოს თასის მფლობელი და ზურაბ საკანდელიძე - მიხეილ ქორქიას მემორიალის გამარჯვებული ,,ქუთაისი’’ ითვლება, რომელიც სუპერლიგის დებიუტანტ ,,კაკტუსს’’ ეთამაშება. უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში ,,ქუთაისმა’’ 85:83 შეძლო მეტოქის დამარცხება და სერიაში 1:0 დაწინაურდა.

პროგნოზის საპირისპიროდ,შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო, რომლებიც პირველი მეოთხედის შემდეგ 25:19 დაწინაურდნენ. ,,კაკტუსმა’’ მეორე მეოთხედშიც შეძლო მოპოვებული უპირატესობით შენარჩუნება. იყო მომენტები, როდესაც სტუმართა უპირატესობა ათ ქულას აღემატებოდა. მასპინძლები ამის შემდეგ გამოფხიზლდნენ, რომლებმაც არა მარტო გაათანაბრეს ანგარიში არამედ წინ გასვლაც მოახერხეს და პირველი ტაიმის შემდეგ 41:37 დაწინაურდნენ.

გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე მესამე მეოთხედის შემდეგ ანგარიში 60:59 იყო ,,ქუთაისის’’ სასარგებლოდ.

მეოთხე მეოთხედის პირველმა ნახევარმა ,, კაკტუსის’’ უპირატესობით ჩაიარა, რომელმაც 73:64 შეძლო წინ გასვლა. ეტყობა სტუმრებმა ნაადრევად ირწმუნეს გამარჯვება, ცოტა მოეშვნენ, ამით ისარგებლეს კოტე ტუღუშის შეგირდებმა და ძირითადი დროის დასრულებამდე 3 წუთითა და 32 წამით ადრე, ბექა ბექაურის ორქულიანის შემდეგ 75:74 დაწინაურდნენ. დარჩენილ დროში ,,ქუთაისმა’’ შეძლო მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.

თამაშიდან გამომდინარე, გამარჯვებას ორივე გუნდი იმსახურებდა. მართალია, ფავორიტად ,,ქუთაისი’’ითვლება, მაგრამ თუ ,,კაკტუსმა’’ ასე გააგრძელა, ფავორიტს სერიის მოგება გაუჭირდება.

ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე კარგი შედეგი ,,კაკტუსის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა ჩიკვილაძემ აჩვენა, რომელმაც 25 ქულა, 7 მოხსნა და ამდენივე პასი დააგროვა. მისმა თანაგუნდელმა ჯონ ფლოვიესმა 11 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

მასპინძელთა შორის 15-15 ქულით ყველაზე შედეგიანები გიორგი ცინცაძე და ზაურ ფაშაევი იყვნენ.

ამ გუნდების მეორე შეზვედრა ხვალ ჩატარდება, რომელსაც ისევ ,,ქუთაისი’’ უმასპინძლებს

,,ქუთაისი’’ - ,,კაკტუსი’’ 85:83 (19:25, 22:12, 19:22, 25:24)

0.111549