ჩოგბურთი

18:57 | 3.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მზიურის კორტებს ალექსანდრე მეტრეველის სახელი მიენიჭა

მზიურში მდებარე საჩოგბურთო კომპლექსს ლეგენდარული ქართველი მოთამაშის ალექსანდრე მეტრეველის სახელი მიენიჭა.

თბილისის საკრებულომ ეს გადაწყვეტილება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს რჩევით მიიღო. ამ მოვლენასთან დაკავშირებით კორტებზე სიმბოლური დაფა გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე მეტრეველი უმცროსი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და სპეციალურად ამ დღისთვის თბილისში ჩამოსული ალექსანდრე მეტრეველი დაესწრნენ.

„პირადად ვულოცავ ბატონ ალექსანდრეს დღევანდელ დღეს. ის ლეგენდარული ქართველი სპორტსმენია და რაც არანაკლებ სასიამოვნოა, ძალიან კარგი პიროვნებაა, რაც მის სიდიადეს დამატებით ხიბლს სძენს. თბილისი, ისევე, როგორც საქართველო, რეგიონის სპორტულ ცენტრად ყალიბდება და ეს საჩოგბურთო კომპლექსი ჩემი სიტყვების ნათელი დადასტურებაა. იცით, რომ აქაურობა ამ ცოტა ხნის წინ სრულად გადაეცა ჩოგბურთის ფედერაციას. სასიხარულოა, რომ უკვე მოძიებულია კერძო ინვესტორი, რომელიც ორ კორტს გადახურავს და სპორტსმენები ყველანაირ ამინდში ივარჯიშებენ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ბატონ ალექსანდრეს და ჩოგბურთის ყველა გულშემატკივარს", - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„ჩემთვის დღევანდელი დღე დაუვიწყარი და ამაღელვებელია! სიმართლე გითხრათ, სიტყვებს ვერ ვპოულობ მადლობის სათქმელად... ამ სამახსოვრო დაფაზე მართალია მხოლოდ ჩემი სახელია ამოტვიფრული, მაგრამ არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ დღევანდელი დღით პატივი მიეგება ყველა ქართველ ჩოგბურთელს, რომელმაც ჩვენი ქვეყანა ასახელა: თეიმურაზ კაკულია, ლეილა მესხი, რენა აბჟანდაძე, ძმები მძინარიშვილები... ყველას ვერ ჩამოვთვლი, ბევრი იყო ასეთი. და ვიმედოვნებ, ამ მართლაც ლამაზ საჩოგბურთო კომპლექსში კიდევ არაერთი სახელოვანი მოთამაშე გაიზრდება", - განაცხადა ალექსანდრე მეტრეველმა.

მეტრეველი მეორე თანამედროვეა, ვისი სახელიც სპორტულ კომპლექსს მიენიჭა. პირველი ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილი გახლდათ, რომლის სახელიც ვერის პარკში მდებარე ჭადრაკის სასახლეს ეწოდა.

ალექსანდრე მეტრეველი თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის ნომერ პირველი ჩოგანი გახლდათ. ის თვრამეტი წლის განმავლობაში ხვდებოდა ქვეყნის ათ საუკეთესო მოთამაშეს შორის, თორმეტჯერ კი წელი პირველ ნომრად დაასრულა!

1966-1967, 1969-1976, 1978 და 1980 წლებში მან თორმეტჯერ მოიგო სსრკ ჩემპიონის ტიტული, ხოლო წყვილებსა და მიქსში კიდევ ჩვიდმეტჯერ მოიპოვა ოქროს მედალი. ალექსანდრე მეტრეველი ევროპის თექვსმეტგზის ჩემპიონია, აქედან 1970-1971, 1973, 1975, 1977-1978 წლებში ერთეულთა შორის. 1975 წელს საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა.

მისი საუკეთესო შედეგი დიდი სლემის ტურნირებში 1973 წლის უიმბლდონის ფინალია. 1968 და 1970 წლებში მან უიმბლდონზე შერეულ წყვილთა ფინალში იასპარეზა ოლგა მოროზოვასთან ერთად. 1972 წელს ავსტრალიის ღია პირველობისდა როლან გაროს ნახევარფინალში იასპარეზა, ამერიკის ღია პირველობაზე კი მისი საუკეთესო შედეგი მეოთხედფინალია.

1974 წელს ის მსოფლიო რეიტინგის მე-9 ნომერი იყო. არც მანამდე და არც მას შემდეგ საბჭოთა ჩოგბურთელ ვაჟებს ასეთი წარმატებისთვის არ მიუღწევიათ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.113149