"საბურთალომ" ბოლო ტურში ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლა და მეტოქე 5:0 დაამარცხა. მოედანზე ერთ-ერთ ეპიზოდში მცირე ინციდენტი მოხდა - მეტოქე გუნდის ფეხბურთელი გაზონზე იწვა, საბურთალოელებმა კი თამაში გააგრძელეს, რის შემდეგაც მხარეებს შორის შელაპარაკება მოხდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა კომენტარი გააკეთა:
"ქობულეთის "შუქურასთან" გამარჯვების სურვილი გვქონდა, მაგრამ ამხელა სხვაობით მოგებას არ ველოდით. პირველი წრე ისე მიილია, რომ დიდი ანგარიშით არ მოგვიგია, ეს წარმატება ფსიქოლოგიურად ძალიან წაგვადგება. "წლევანდელი პირველობა ბევრად უკეთესია, მაგრამ თამაშებზე ის სისწრაფეები არ არის, რაც გვსურს. ფეხბურთელის მცირე ტრავმის მიღების შემთხვევაში, არ შეიძლება ყოველ წუთს მატჩის შეჩერება. მსგავსი ფაქტები ძალიან ხშირია, რაც კიდევ უფრო აგდებს სათამაშო ტემპს. ანალოგიურს ვიტყვი ჩემს ფეხბურთელებზე - ძალიან მაღიზიანებს, როდესაც რომელიმე ჩვენი ფეხბურთელი მოედანზე წევს და თამაში ჩერდება. რა თქმა უნდა, თუ გამოუვალი მდგომარეობაა და სპორტსმენს მართლაც სჭირდება სამედიცინო დახმარება, უნდა გაჩერდეს თამაში და ექიმებმა უნდა გაუწიონ შესაბამისი დახმარება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს სიმულაციას. "საბურთალოში" დაწესებულია სანქციები ბურთის ტყუილად გადაგდებაზე. აქედან გამომდინარეა, რომ ფეხბურთელებს ბოლომდე თამაშისკენ ვუთითებ, თუ მდგომარეობა მართლაც მძიმე არაა. გაჩერდება თუ არა თამაში, მთავარმა არბიტრმა უნდა შეაფასოს მდგომარეობა და გადაწყვიტოს. იმედი მაქვს, მეტოქე გუნდებიდან მსგავსი გაღიზიანება და გაუგებრობა მომავალში აღარ განმეორდება", - განმარტა გიორგი ჭიაბრიშვილმა.