თბილისის "დინამომ" ტურის და საერთოდ, წრის ცენტრალურ მატჩში 2:0 სძლია ქუთაისის "ტორპედოს". დინამოელებმა თამაშით აშკარად აჯობეს მეტოქეს და შედეგი ლოგიკური იყო. კახა კაჭარავას გუნდმა ჩემპიონატში ზედიზედ მეშვიდედ მოიგო და პირველ ადგილზეა, "ტორპედომ" კი შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა.
მეტოქის მოედანზე პრესინგი და სპრინტები - დინამოელებმა განსაკუთრებით ამ კომპონენტებში აჯობეს მასპინძლებს. "დინამოს" ფეხბურთელები გაცილებით სწრაფად იღებდნენ გადაწყვეტილებებს და იყო პერიდები, როცა "ტორპედო" სრულიად სტატისტის როლში გამოიყურებოდა.
სტუმრებმა პირველი ტაიმის ბოლოს გახსნეს ანგარიში: გიორგი ჩაკვეტაძემ მარცხნივ მოძებმა გიორგი თევზაძე, მის გამოზომილ ჩაწოდებას კი ბაჩანა არაბულის ერთ შეხებაში დარტყმა მოჰყვა. ჩავარდა "ტორპედოს" დაცვის ცენტრი, თუმცა არაბულს გარჯას ოდნავადაც არ ვუკარგავთ - 0:1.
ბაჩანას პირველ ტაიმში კიდევ ორჯერ შეეძლო გატანა: ერთ მომენტში ეფექტურად ურტყამდა და როინ კვასხვაძემ ნახტომში მოიგერია. უნდა ითქვას, კვასხვაძე საუკეთესო იყო მასპინძელთა შემადგენლობაში.
მეორე ტაიმის საწყისი 15 წუთი დინამოელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და მომენტი მომენტზე შეიქმნა. ჩაკვეტაძის გარე ტერფით გაკეთებულ პასს არაბულის დარტყმა და კვასხვაძის მორიგი "სეივი" მოჰყვა. ერთ წუთში თევზაძის დარტყმული ხარიხამ აისხლიტა და შემდეგ ისევ არაბული-კვასხვაძის დუელი - მეკარემ ისევ იმარჯვა. კიდევ შეეძლო ბაჩანას გატანა, მერე კი არაზუსტად დაარტყა.
მალევე, "ტორპედო" გააქტიურდა და ნიკა საბანაძემ ორჯერ ააცილა: ჯერ ფეხით, მერე თავით. დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში ავანტიურული თამაში ვიხილეთ, საბოლოოდ კი "დინამომ" გაიტანა. რაზეც ვწერდით - აქტიური პრესინგი მეტოქის საჯარიმოში: არაბულმა და ჩაკვეტაძემ ტორპედოელებს შეცდომა დააშვებინეს, ჩაკვეტაძემ თევზაძეს გააყოლა ბურთი და დინამოელთა მარცხენაფლანგელმა შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა - 0:2.
ბოლო ოც წუთში შედარებით იკლო ტემპმა. ისე, საბანაძეს ჰქონდა შანსი და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა სუსტად დაარტყა, ლიტოვჩენკომ იოლად აიღო. ბოლო წუთებზე კი კვასხვაძემ ორჯერ გადაარჩინა თავისიანები. საერთო ჯამში, კითხვები არ ყოფილა - თბილისის "დინამომ" დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა და კვლავაც ლიდერია.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი? განსაკუთრებით კარგად ითამაშეს თევზაძემ, არაბულმა და ჩაკვეტაძემ, თუმცა პირველი მათგანი უნდა გამოვარჩიოთ. გოლი, საგოლე პასი და არაერთი მწვავე შეტევის დაწყება.
ეროვნული ლიგა. IX ტური
ქუთაისი. “რამაზ შენგელია“.
ტორპედო (ქუთაისი) - დინამო (თბილისი) 0:2 (0:1)
ტორპედო: რ.კვასხვაძე, ხურცილავა, ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე, მამასახლისი (ბაბუნაშვილი 46), გიგაური, კუხიანიძე (კაპანაძე 73), ტუღუში (ტაბატაძე 55), დოლიძე, საბანაძე
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
დინამო: ლიტოვჩენკო, მიშენკო, გველესიანი თოთაძე, ლოჩოშვილი, ქარდავა (ნინუა 83), კიტეიშვილი, თევზაძე, ჩაკვეტაძე (ზარია, 71), არაბული (პაპუნაშვილი 77), მიქელთაძე
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გოლები: 0:1 არაბული (41), 0:2 თევზაძე (69)
გაფრთხილება: კიტეიშვილი (62), ზარია (87), დოლიძე (90), პაპუნაშვილი (90)
მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი
ბომბარდირები
10 - სიხარულიძე (ლოკომოტივი), 8 - გავაშელიშვილი (ლოკომოტივი), 6 - არაბული (დინამო თბ), 5 - კოვტალიუკი (კოლხეთი)
1. | დინამო თბილისი | 9 | 7 | 0 | 2 | 16:4 | 21 | |
2. | ლოკომოტივი | 9 | 5 | 3 | 1 | 23:7 | 18 | |
3. | საბურთალო | 9 | 5 | 0 | 4 | 13:10 | 15 | |
4. | ტორპედო | 9 | 4 | 3 | 2 | 12:9 | 15 | |
5. | სამტრედია | 9 | 4 | 2 | 3 | 8:9 | 14 | |
6. | ჩიხურა | 9 | 4 | 1 | 4 | 11:13 | 13 | |
7. | დინამო ბათუმი | 9 | 4 | 0 | 5 | 7:9 | 12 | |
8. | დილა | 9 | 1 | 5 | 3 | 8:10 | 8 | |
9. | ფოთი | 9 | 2 | 1 | 6 | 11:17 | 7 | |
10. | შუქურა | 9 | 0 | 3 | 6 | 5:26 | 3 |