19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი: საქართველოში 2-15 ივლისს მომავალი ვარსკვლავები ითამაშებენ და რა თქმა უნდა, ვისურვებდით, ჩვენიანები ამობრწყინდნენ. როგორც იცით, ჩემპიონატი რვაგუნდიანი იქნება და ჩამომსვლელი შვიდი ნაკრებიდან ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელზე დავწერთ - შვედეთის ნაკრების ფორვარდ ალექსანდერ ისაკზე.
ისაკი წარმოშობით ერიტრეელია. შვედეთის ქალაქ სოლნაში დაიბადა და აიკ-ის აკადემიაში გაიზარდა, სამი თვის წინ კი გერმანულმა "დორტმუნდმა" იყიდა 9 მილიონ ევროდ. ორი დღის წინ "დორტმუნდმა" "ბაიერნს" თასის ნახევარფინალში სტუმრად 3:2 რომ აჯობა, ისაკი 18-კაციან სამატჩო განაცხადში იყო. ასე რომ, უახლოვდება დიდ ამბებს.
21 სექტემბერს ხდება 18 წლის, თუმცა უკვე ითამაშა შვედეთის ეროვნულ ნაკრებში. მხოლოდ ითამაშა? აბუ დაბიში სლოვაკეთს ამხანაგურში გოლი გაუტანა.
ისაკი ელიტ-რაუნდში დაეხმარა შვედეთის 19-წლამდელებს. სკანდინავიელებმა იტალია, ბელგია და ირლანდია ჩამოიტოვეს, წარმოშობით ერიტრეელმა კი ერთი გოლი გაიტანა ირლანდიასთან. ეს რეკორდია, ისაკი შვედეთის ნაკრებში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეა.
ბევრს ზლატან იბრაჰიმოვიჩი გაახსენდებოდა, ოღონდ შედარება ჯერ ნაადრევია. ისაკი ტანმაღალი, ტექნიკური და ძალიან სწრაფია, უფრო კარგად თამაშობს საჯარიმოს მისადგომებთან. მასზე ამბობენ, რომ ორი ნაკლი აქვს: კუნთოვანი მასა აკლია და მარცხენა ფეხით კარგად ვერ ურტყამს.
ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფებს შეგახსენებთ:
- ა) საქართველო, შვედეთი, პორტუგალია, ჩეხეთი
- ბ) გერმანია, ჰოლანდია, ინგლისი, ბულგარეთი