ფეხბურთი

18:58 | 28.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

გრიგალავა პრემიერლიგის ტურის სიმბოლურში

ტულის “არსენალის” ქართველი მცველი გია გრიგალავა რუსეთის პრემიერლიგის 25-ე ტურის შემდეგ ერთბაშად ორი გამოცემის მიერ შედგენილ სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 27 წლის ფეხბურთელს “კრილია სოვეტოვთან” მოგებულ მატჩში (2:0) კარგი თამაში გამოცემა sport-express-მა და football.kulichki.net-მა 11 საუკეთესო მოთამაშეს შორის დასახელებით დაუფასეს.

“უგოლოდ დაცვაში და მნიშვნელოვანი გოლი მეტოქის კარში - თითქმის ეტალონური მატჩი “კრილიასთან” "არსენალის" ქართველი ცენტრალური მცველისთვის” - წერს sport-express-ი, რომელმაც გრიგალავას თამაში 7,0 ქულით შეაფასა.

“მხოლოდ მეორე მატჩი ჩაატარა ქართველმა მცველმა რუსეთში დაბრუნების შემდეგ. მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში პირველად გამოიყვანა და ქართველმაც ნდობა გამარჯვების გოლით დაუფასა. გოლის ეპიზოდში გიამ ბევრ ფორვარდზე უკეთ ითამაშა და მთელი მატჩის განმავლობაში დაცვაშიც საიმედო იყო” - ასეთია football.kulichki.net-ის შეფასება.

გია გრიგალავა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსება 23 მატჩში დაუცავს, კვიპროსის ჩემპიონატიდან რუსეთში ამ ზამთარს დაბრუნდა. “არსენალში” დებიუტი წინა ტურში “კრასნოდართან” შეხვედრაში ჰქონდა, როცა მოედანზე ბოლო 5 წუთი დაჰყო, “კრილია სოვეტოვთან” კი პირველად მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში და პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლ გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა. გიამ 31-ე წუთზე თავური დარტყმით გახსნა ანგარიში (VIDEO).

0.128589