დორტმუნდის “ბორუსიამ” თურქ ნახევარმცველ ნური შაჰინთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. როგორც “ყვითლების” ვებგევრდი გვატყობინებს, ფეხბურთელი “სიგნალ იდუნა პარკზე” 2019 წლის 30 ივნისამდე დარჩება – ძველ ხელშეკრულებას ყავლი მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდიოდა.
ნური შაჰინი “დორტმუნდში” 2001 წელს მოხვდა, ხოლო 2010-2011 წლების სეზონში ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. შემდეგ თურქის კარიერაში მადრიდის “რეალი” და “ლივერპულიც” იყო, თუმცა წარუმატებელი პერიოდის გამო ისევ უკან, “დორტმუნდში” დაბრუნდა 2013 წელს.