მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ზაფხულის დამდეგ სატრანსფერო პერიოდში გუნდის გაძლიერებას აპირებს და უკვე შეარჩია ის „გალაქტიკო“, რომელიც როგორც წესი, პერესს ყოველ ზაფხულს მიჰყავს საკუთარ გუნდში.
Donballon.com-ის ინფორმაციით, ამჯერად „სამეფო კლუბის“ სამიზნე ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი პაულო დიბალაა. თუმცა, პერესი სულაც არ გეგმავს არგენტინელში სოლიდური თანხის გაღებას და იტალიელებს ბარტერს სთავაზობს: დიბალა ესპანეთში, ხოლო ხამეს როდრიგესი და ალვარო მორატა - იტალიაში.
აღსანიშნავია, რომ კოლუმბიელი „იუვენტუსის“ ინტერესის ობიექტი აქამდეც იყო, მორატა კი, „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელია და ტურინში ძალიან უყვართ. როგორც ჩანს, ფლორენტინო აქცენტს სწორედ აღნიშნულ ფაქტორებზე გააკეთებს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ პაულო დიბალამ ერთი კვირის წინ „იუვესთან“ კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა და წესით, „ბებერი ქალბატონი“ ადვილად არ უნდა შეელიოს.