კალათბურთი

16:31 | 22.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩლაიძემ „კაკტუსს“ მოაგებინა

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის გუშინ დაწყებული 27-ე ტური დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში „კაკტუსისა“ და „ოლიმპის“ მატჩით გაიხსნა.

სუპერლიგის დებიუტანტ „კაკტუსს“, ლიგაში დარჩენაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, უკვე განაღდებული აქვს პლეი-ოფში თამაში, რადგან რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე მე-4 ადგილი დაიბევა. რაც შეეხება „ოლიმპს“, ეს გუნდი ჯერჯერობით ბოლო, მე-8 ადგილზე იმყოფება და რაღა თქმა უნდა, გავარდნის ერთ-ერთი კანდიდატია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ მატჩში „კაკტუსს“ მოგება არაფერში სჭირდებოდა, „ოლიმპისთვის“ კი უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ „კაკტუსს“ ამ მატჩის შედეგი არ აინტერესებდა, მეტოქეს მაინც სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და მთელი შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე სამი მეოთხედის შემდეგ ფრე - 61:61 იყო.

მეოთხე მეოთხედი „კაკტუსის“ უპირატესობით დაიწყო, ეს გუნდი ძირითადი დროის დასრულებმადე 7 წუთითა და 32 წამით ადრე 7 ქულით 70:63 დაწინაურდა. „ოლიმპი“ სულაც არ აპირებდა დანებებას და ანგარიშში სხვაობა ჯერ შეამცირა, შემდეგ კი საფინალო სირენამდე 29 წამით ადრე გუნდის ლიდერმა რეზო როგავამ გაათანაბრა - 79:79. ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წამით ადრე, „სოხუმის“ ყოფილმა კალათბურთელმა ირაკლი ჩლაიძემ სამქულიანი ჩააგდო და თანაგუნდელებს 82:79 მოაგებინა. ჩლაიძემ ამით თავისი ყოფილი გუნდი „სოხუმიც“ ახეირა, რადგან ეს უკანასკნელი რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ასპარეზობას პლეი-აუტში გააგრძელებს და „ბათუმთან“, „მგზავრებთან“ და „ოლიმპთან“ ერთად სუპერლიგაში დარჩენისათვის იბრძოლებს.

ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 21 ქულა „ოლიმპის“ ამერიკელმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა უოლტერ პიჩფორდმა დააგროვა. „კაკტუსის“ შემადგენლობაში პიჩფორდის თანამემამულე, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ჯონ ფლოვიესი გამოირჩა, ვის ანგარიშზეც 19 ქულაა.

ამ ტურის ბოლო შეხვედრა რუსთავში ჩატარდება, სადაც ქვემოქართლელები რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულ „დინამოს“ უმასპინძლებენ. თამაში 18 საათზე დაიწყება.

„კაკტუსი“ – „ოლიმპი“ 82:79 (22:23, 20:20, 19:18, 21:18)

0.115158