ფეხბურთი

12:30 | 22.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ჰოფენჰაიმი" - პირველად ევროპაში

ისტორიული „ჰოფენჰაიმი“ - იულიან ნაგელსმანის გუნდმა გერმანიის ბუნდესლიგის XXX ტურის სასტარტო მატჩში „კიოლნთან“ (1:1) ქულა მოიპოვა და სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე გაინაღდა ევროტურნირებზე თამაში. ასეთი რამ კი, „ჰოფეს“ არსებობის ისტორიაში პირველად მოხდა.

ამჟამად „სოფლელები“ 55 ქულით მესამე ადგილს იკავებენ და როგორც მინიმუმ, ევროპა ლიგის საგზური გარანტირებული აქვთ. თუმცა, თუ სასწაული არ მოხდა, „ჰოფენჰაიმს“ დამდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილავთ, რადგან მეხუთე ადგილოსან „ჰერტას“ 12 ქულით უსწრებს (ბერლინელებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული).

„ჰოფენჰაიმმა“ ბუნდესლიგაში პირველად 2008-2009 წლების სეზონში ითამაშა და საფეხბურთო სამყარო მაშინვე აალაპარაკა, რადგან პირველი წრე დიდებულად ჩაატარა და ზამთრის ჩემპიონი გახდა. მაგრამ, მეორე ნახევარი მთლიანად ჩააგდო და საბოლოოდ, მხოლოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა. მაშინ, ზინსჰეიმელთა რიგებში ლუის გუსტავო, დემბა ბა, ვედად იბიშევიჩი თამაშობდნენ.

იქედან მოყოლებული „ჰოფენჰაიმი“ განსაკუთრებული თამაშით თავს ვერ იწონებდა. შარშან პირველი წრის მერე გავარდნის მთავარი კანდიდატიც იყო, მაგრამ ზამთარში გუნდი ნაგელსმანმა ჩაიბარა, რომელიც იმხანად მხოლოდ 28 წლის გახლდათ (ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი ბუნდესლიგის ისტორიაში) და გუნდი გადაარჩინა - მე-15-ე ადგილი სეზონის ბოლოს.

„ჰოფენჰაიმმა“ პროგრესი განაგრძო და თან როგორ?! - მიმდინარე სეზონში „სოფლელებმა“ ოდენ სამი თამაში წააგეს. მოკლედ, პატარა გუნდმა თავისთვის ისტორიის კუთვნილი დიდი ფურცელი დაწერა...

თეგებიჰოფენჰაიმი
0.109532