ფეხბურთი

22:08 | 21.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკო” – “იუვენტუსი”: რეაქციები, ისტორია

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე წილი იყარა და შესაბამისად, ნახევარფინალური წყვილები უკვე ცნობილია. ერთ-ერთია “მონაკო” – “იუვენტუსი”. სწორედ აღნიშნული დაპირისპირების შესახებ ვისაუბრებთ ახლა:

როდის ითამაშებენ?

პირველი შეხვედრა 3 მაისს, მონტე კარლოში, “ლუი II”-ზე გაიმართება, ხოლო საპასუხო 9 მაისს, ტურინში, “იუვენტუს სთედიუმზე”.

ურთიერთშეხვედრები:

მატჩი: 4

“მონაკო”: 1 მოგება, 4 გატანილი გოლი

“იუვენტუსი”: 2 მოგება, 7 გატანილი გოლი

ფრე: 1

პრეცედენტი:

2014-2015, მეოთხედფინალი – “იუვენტუსი” – “მონაკო” 1:0 (გოლი: ვიდალი 57, პენ), “მონაკო” – “იუვენტუსი” 0:0.

1997-1998, ნახევარფინალი – “იუვენტუსი” – “მონაკო” 4:1 (გოლები: დელ პიერო (35, 45, პენ, 62, პენ, ზიდანი 87 – კოშტინია 42), “მონაკო” – “იუვენტუსი” 3:2 (გოლები: ლეონარდი 38, ანრი 50, სპეჰარი 83 – ამორუზო 15, დელ პიერო 74).

იცით თუ არა, რომ?..

“იუვენტუსმა” 1997-1998 წლების სეზონში, როდესაც ფინალი “რეალთან” წააგო, მანამდე, ნახევარფინალში სწორედ “მონაკოს” ბარიერი დაძლია.

“იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგის (თასის) ნახევარფინალში აქამდე 11-ჯერ უთამაშია და აქედან ცხრა შემთხვევაში საკუთარ მოედანზე გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ სტუმრად იგივეს გაკეთება ერთადერთხელ შეძლო.

“მონაკო” ევროთასების ნახევარფინალში იტალიურ კლუბებს ოთხჯერ დაუპირისპირდა და ოთხჯერვე დამარცხდა.

“იუვენტუსს” შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგის (თასის) ფინალში მეცხრედ გავიდეს, ხოლო “მონაკოს” – მეორედ.

რეაქციები:

ლუდოვიკ ჟიული (“მონაკოს” ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამინდელი ელჩი): “ვისაც არ უნდა შევხედროდით, ბოლომდე ვიბრძოლებდით – ეს ჩვენი მეოთხე ნახევარფინალია და ამით ძალიან კმაყოფილები ვართ. შანსი რა თქმა უნდა, გვაქვს, რადგან ორ შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ფავორიტის პოზიციაში არ ვიმყოფებით, მაგრამ გვაქვს გამოცდილება და ევროპული ხარისხი. ჩვენ ჯერ კიდევ დიდი გუნდი ვართ და იმედია ასე გაგრძელდება.

პაველ ნედვედი (“იუვენტუსის” ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად ვიცე-პრეზიდენტი): “მონაკოს” ორი წლის წინაც ვეთამაშეთ და მახსოვს, ძალიან რთული მატჩები იყო. დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება. მეტიც, ამჟამად “მონაკო” უფრო სახიფათო გუნდია. ახალგაზრდული გუნდი, რომელიც ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. თუმცა, “იუვეც” შეიცვალა და ახლა უფრო მეტი თვითრწმენა გვაქვს. ფეხბურთელების თვალებში ვხედავ, რომ მზად არიან იბრძოლონ გზის ბოლომდე”.

მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი): "იუვენტუსის" კულტურა არაა, მეტოქეს ზემოდან გადმოხედოს, მითუფრო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტს. ამიტომაც, მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს".

0.120135