საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ზებედა რეხვიაშვილმა (81 კგ) ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სამი შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. დილის პროგრამაში 26 წლის ქართველმა ძიუდოისტმა რუმინელ ვლად ვისანს, უნგრელ ატილა უნგვარისა და რუსეთის ნაკრების წევრ ასლან ლაპინაგოვს აჯობა და ფინალის საგზურისთვის გერმანელ დომინიკ რესელს დაუპირისპირდება.
მეორე ნახევარფინალში ჰოლანდიელი ფრანკ დე ვიტი და რუსეთის ნაკრების წევრი ალან ხუბეცოვი იჭიდავებენ.
რეხვიაშვილისგან განსხვავებით, ევროპირველობის დილის პროგრამა წარუმატებელი გამოდგა ლაშა შავდათუაშვილისთვის (73 კგ). საქართველოს ნაკრების ყველაზე ტიტულოვანი წევრი შეჯიბრებას მერვედფინალიდან გამოეთიშა, ავსტრიელ ლუკაშ რაიტერთან მარცხით.
ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება.